საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა


საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც ,,პრემიუმი” უცვლელად გთავაზობთ
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რამდენიმე თვის წინ სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრი შეიცვალა. დასახული მიზნების შესასრულებლად და სახელმწიფო სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხო.
ცვლილებები განხორციელდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკურ საბჭოებში.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება.
მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, ვაკანტური იყო სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ პოზიციას დაიკავებს დავით სუჯაშვილი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია. ცვლილებები შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურას მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას.
ამ დღეებში შეიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ეს პოზიცია დაიკავა ზაზა დოლიძემ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა კახაბერ სოლოღაშვილი. უახლოეს დღეებში დასახელდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი.
ახალი, კვალიფიციური კადრები სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობის წინაპირობაა. მუდმივი განახლება და სრულყოფა მიმართულია მთავრობის უფრო ეფექტურ მუშაობაზე და არის პასუხი ახალ გამოწვევებზე.




კახი კალაძე: ზღულაძესა და კვიტაშვილს მინდა წარმატებები ვუსურვო


ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, კერძოდ, მთავრობაში ალექსანდრე კვიტაშვილის და ეკა ზღულაძის დანიშვნა, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის გადადების მიზეზი არ გახდება. როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პრემიერის უკრაინაში ვიზიტის გადადების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას.
“არა, ნამდვილად არ არის ამის აუცილებლობა და ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რაღაცეები მოხდეს თუნდაც უკრაინაში ან საქართველოში, რომ ასეთი დონის შეხვედრების გადადება მოხდეს. კონკრეტული დანიშვნები, რომელიც ეხება კვიტაშვილსა და ქალბატონ ზღულაძეს, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რიგით ქართველს წარმატებას ვუსურვებ ამ ორ ადამიანს უკრაინაში. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები იძებნებიან. არსებობს კონკრეტული საქმეები, რომელზეც პასუხის გაცემას ეს ორი პიროვნება თავს არიდებს. ზუსტად ამის გამო იყო განპირობებული ჩემი კომენტარი. რაც შეეხება ზღულაძესა და კვიტაშვილს, მე ამ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე მათ მინდა წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა კალაძემ.




ყირიმს რუსეთისთვის უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს - ვლადიმერ პუტინი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრებისადმი თავისი მიმართვა ყირიმზე საუბრით დაიწყო. პუტინის განცხადებით რუსეთმა საქმით დაადასტურა, რომ შეუძლია თავისი თანამოქალაქეების, სიმართლისა და სამართლიანობის დაცვა. პუტინის თქმით წელს როგორც იქნა მოხდა ყირიმისა და სევასტოპოლის ისტორიული შეერთება რუსეთისთვის.
“ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის ამ მოვლენას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს და თვითონ ტერიტორიაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. რუსეთისთვის ყირიმს უდიდესი საკრალური მნიშვნელობა აქვს”, – ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთება ისტორიული ფაქტია. ყირიმი რუსეთისთვის დიდი ცივილიზაციაა და წმინდა მნიშვნელობას ატარებს. რუსეთში ამის შესახებ ყოველთვის მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ და ექნებათ“ , – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.




ნოდარ ხადური ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნებას გამორიცხავს


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, -ლარი ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2″–თან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე ქვეყანის ბიუჯეტი არ მოქმედებს.
„ექსპერტების მოსაზრებებს არ ვეთანხმები, მე შემიძლია ექსპერტებს, რომელსაც აქვთ შიშები ბიუჯეტთან დაკავშირებით, შე ვხვდე და მივაწოდო სტატისტიკური მონაცემები და დავარწმუნო, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ლარის სიმყარეს არ ემსახურება. ისინი მოსახლეობაში პანიკას თესავენ, რაც ასევე ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას“, – განაცხადა ხადურმა.ნოდარ ხადური: ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნება გამორიცხულია




ჯეიმს აპატურაი: პოლიტიკური დევნის აღქმამაც კი, შესაძლოა, დაბრკოლება შექმნას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე


ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეს ეხმაურება.მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური დევნის აღქმამაც კი, შესაძლოა, დაბრკოლება შექმნას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
„შეშფოთებული ვართ თუნდაც იმით, რომ შეიძლება არსებობდეს აღქმა, რომ დევნა ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. მთავარია, რომ პოლიტიკური დევნის შესაძლებლობა რეალურ ცხოვრებაშიც იქნას თავიდან აცილებული. აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით რაიმე მოქმედებაზე, რადგან ამან შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს და ფეხი მოიკიდოს ნატოს მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქებში. ეს დაბრკოლება იქნება ნატოს წევრობისთვის,“ – განაცხადა აპატურაიმ.




ელმარ ბროკი: დებატები საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის წევრობაზე კონპროდუქტიულია


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ელმარ ბროკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ახლა არ არის დრო, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს, ნატო-ში წევრობაზე ვიმსჯელოთ. ნატომ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს კოლექტიური თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებაზე და ყველა წევრის საიმედო დაცვის უზრუნველყოფაზე. უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატოს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია. NATO-ს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებები კი ძალაში რჩება,” – განაცხადა ელმარ ბროკმა.




მიხეილ სააკაშვილი: გააუქმეს საზღვარი, განალაგეს მთელი ჯარი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გააერთიანეს არმია–ეს ანექსიაა


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა აფხაზეთთან ე.წ. დოკუმენტი მისი ანექსიის მიზნით გააფორმა. ამის შესახებ სააკაშვილმა არაბულ ტელეარხ “ალ ჯაზირასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“პუტინი შეტევაზეა გადასული. რუსებმა დადეს ეს შეთანხმება, რომ მოეხდინათ ევროპის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიის – აფხაზეთის ანექსია. მას აქვს 250 კილომეტრიანი ზღვის სანაპირო, პორტები და საოცარი ბუნება.აფხაზეთი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია ჩვენთვის, არამედ სტრატეგიული ევროპისთვისაც. პუტინი კი ფარულად აფორმებს აფხაზეთის ლიდერებთან ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას. ეს ანექსიაა, რადგან გააუქმეს საზღვარი, განალაგეს მთელი ჯარი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გააერთიანეს არმია. მთავარი მოქმედი პირი ახლა იქ სწორედ პუტინია. გადატრიალებაც კი მოაწყო, რომ “ფეესბეს” ბიჭი, ბატონი ხაჯიმბა პრეზიდენტად დაესვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.




ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა


რადას გადაწყვეტილებით ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს.

“ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოში რადიკალური რეფორმები გაატარა, ეს არის კაცი, რომელმაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ეს არის კაცი, რომელიც რადიკალურ რეფორმებს გაატარებს უკრაინისთვის,” – განაცხადა არსენი იაცენიუკმა კვიტაშვილის წარდგენისას.
“მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს პოზიციაზე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ უცხოელების პოტენციალი, მათ შორის მათი მინიტრთა კაბინეტში შეყვანის ფორმითაც,” – აღნიშნა პოროშენკომ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას.
ცნობილი ხდება, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანანმდებობას კიდევ ერთი ქართველი ამავე უწყების ყოფილი მოადგილე ეკა ზულაძე დაიკავებს. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტზე ზღულაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა.




კერესელიძე: თუ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშნავენ ეს გარკვეულ ნეგატიურ ფონს შექმნის საქართველო–უკრაინის ურთიერთობებში


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე–პრემიერად შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა ეს გარკვეულ ნეგატიურ ფონს შექმნის საქართველო–უკრაინის ურთიერთობებში.
„მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ეს არის უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია. დღეს ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვქონდა დაანონსებული – მზადდება პრემიერ–მინისტრის ვიზიტი უკრაინაში. ამ ფონზე მე ამასაც დაგიდასტურებთ, საგარეოს და სხვა უწყებებსაც გვაქვს დავალება, რომ გავააქტიუროთ ყველა მიმართულებით უკრაინასთან კეთილმეზობლური, კარგი ურთიერთობა.მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ ერთი გამოწვევების წინაშე ვართ, ევროინტეგრაციის და გნებავთ სხვა კუთხით. ამიტომ, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს ალბათ შექმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს იმ პოზიტივის მიმართებაში, რაზეც მე თქვენ გესაუბრეთ – დაგეგმილ ვიზიტზე და ა.შ. ეს არის სულ რაც შემიძლია ვთქვა. მეტ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსიტრო არ ფლობს. დაველოდოთ მოვლენებს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი ყოფილი მაღლაჩინოსანი, გნებავთ ექსპრეზიდენტი, გნებავთ ნებისმიერი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალი აქვს საქართველოში წაყენებული მძიმე დანაშაულებზე, თუ დაინიშნენ ისინი მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში, ეს არ შექმნის კარგ ფონს ამ პოზიტივში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, რომ შედგეს კარგი ვიზიტი, განვითარდეს კიდევ ურთიერთობები“-განაცხადა კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას უკრაინული გამოცემა kyivpost.com ავრცელებს.




სტოლტენბერგი: არ ვცნობთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ვცნობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის რამოდენიმე დღის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, მისი თქმით, ნატო რუსეთ–აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას არ ცნობს.
“ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შესაბამისად, არ ცნობს დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმდა.ნატო და ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ვცნობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას.
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მკაფიოდ ვთქვი მეც და თქვეს მოკავშირეებმაც. ეს არის პრინციპის საკითხიც. ჩვენი უსაფრთხოება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრებისა და მათი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.