ეკა ბესელია საგანელიძის უმრავლესობის ლიდერის პოსტის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა


ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით დავით საგანელიძე პარლამენტიდან წასვლაზე ადრეც საუბრობდა, თუმცა ეს უახლოესი მომავლის გეგმებში არ შედის.
“დათოს ეს სურვილი, თუ ასე ვთქვათ, თავის მომავალთან დაკავშირებით არაერთხელ უთქვამს და ეს არ არის დღეს, ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირებში დაგეგმილი… მე როგორც ვიცი ის უახლოეს დღეებში არ აპირებს ასეთ გადაწყვეტილებას, თუმცა დიდი ხანია ამ თემაზე საუბრობს. ასე რომ თავად ისაუბრებს ამ საკითხებზე. დათო ჩვენ გვჭირდება აქ”- აცხადებს ბესელია.




ნემცოვის მკვლელობა საქართველოს ხელისუფლებითვის არის გზავნილი – ვანო მაჭავარიანი


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკლელობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის გზავნილია.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, ნემცოვის მკვლელობა რუსეთის სახეს კარგად წარმოაჩენს.
“ის იყო ყველაზე პროგრესული პოლიტიკური ლიდერი რუსეთში და ის ასე უმოწყალოდ მოკლეს. უნდა გავაანალიზოთ, თუ რა ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ეს არის გზავნილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის. საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად უნდა შეიმუშავოს გეგმა როგორ აღუდგნენ ამ ძალას,”- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოკლეს.




10 წელი თამბაქოს კონტროლის კონვენციიდან .....


27 თებერვალს შესრულდა 10 წელი, რაც ძალაში შევიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ. კონვენციაზე მოლაპარაკება დაიწყო 1999 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ჯანმო-ს გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცდა 2003 წლის მაისში. პირველი 40 წევრი ქვეყნის მიერ რატიფიცირებიდან 90-ე დღეს ანუ 2005 წლის 27 თებერვალს ძალაში შევიდა კონვენცია და სავალდებულო გახდა მისი წევრი ქვეყნებისათვის. საქართველო კონვენციას მიუერთდა 2005 წლის დეკემბერში და ძალაში შევიდა ქვეყნისათვის 2006 წლის 15 მაისს. ამჟამად კონვენციის წევრია 180 ქვეყანა. კონვენციაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან დღემდე თამბაქოს მსხვერპლი გახდა დაახლოებით 77 მილიონი ადამიანი, ანუ საშუალოდ 5.1 მილიონი წელიწადში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ამ საუკუნეში მოსალოდნელია 1 მილიადრი ადამიანის დაღუპვა თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებისაგან. საქართველოში ამ ნარკოტიკის მსხვერპლი ყოველწლიურად ხდება 11 000 ადამიანი, მათ შორის 3000 პასიური მოწევისაგან. სამწუხაროდ, იმის გამო რომ ქვეყანა თითქმის 10 წელია არ ასრულებს ნაკირ ვალდებულებებსა და კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას სიკვდილობის და ავადობის ტვირთი წლიდან წლამდე იზრდება. რატიფიკაციიდან მხოლოდ სამი წლის შემდგომ ნაწილოვრივ დახვეწა კანონი საქართველომ, მაგრამ სამწუხაროდ მისი აღსრულება ფაქტიურად არ ხდება პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო. პოლიტიკური ნება კი არ არასებობს, იმის გამო რომ თამბაქოს ინდუსტრია თავისი ფინანსური საშულებებით და აპოკალიპტური სურათების დახატვით სარგებლობს გადაწყვეტილებების მიმღებთა არაკომპეტებტურობით და აქცევს თავისი ზეგავლნის ქვეშ. 2013 წელს გარკვეული აქტიურობა იყო ამ თავლსაზრისით და დასაწყის ეტაპზე ჩვენი ალიანსის მონაწილეობით შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც წელიწადნახევარია უკვე ცარილ ფურცლად იქცა და არანაირი რეალური ნაბიჯი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად არ გადადგმულა. უფრო მეტიც, ინდუსტრიამ იგრძნო რა ხელისუფალთა სისუსტეები აღარ ერიდება მოქმედი კანონების დარღვევას და პოლიტიკური ლოალობის მოსაპოვებლად უკანონოდ ასპონსორებენ სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, თეატრებს, ეროვნულ მუზეუმს, ხელს უწყობენ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისა და ჟურნალისტების სტაჟირებებს, რაც მათი მომავალი კეთილდღეობის გრძელვადიან საფუძვლებს ქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე. სამწუხაროდ თავად ჯანდაცვის სისტემაშიც საკმაოდაა წინა ხელისუფლებიდან ამ ბიზნესის პირდაპირი ლობისტები, რომლებიც კვლავ აბრკოლებენ და აჭიანურებენ კანონმდებლობის დახვეწისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა გავლილი ჰქონდა არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტს, კიდევ თავიდან დაიწყეს პროცედურები, რის გამოც შესაძლებელია საგაზაფხულო სესიამდე ვერ მოეწსროს პაკეტის პარლამენტში შეტანა, შემოდგომით კი შესაძლებელია ან ვადამდელი არჩევნები დაიწყოს ან საარჩევნო კამპანია და შესაბამისად საკითხიც მინიმუმ წელიწადნახევარი გადავადდება. 2013 წელს კონვენციის სამდივნოს დელეგაცია და შემდგომ თავად სამდივნოს უფროსიც ეწვია, მაგრამ არანარი რეაგირება მათ კრიტიკულ შეფასებებს არ მოჰყოლია. მათი შეფასებით კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების აბსოლუტური უმრავლესობა არ შესრულებულა. უამრავი ფაქტი არსბობს იმის შესახებ რომ მაღალი თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები არღვევენ “საჯარო სამსახურისა” და “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების მოთხოვნებს ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებში და მივმართეთ გენერალურ პროკურატურას ამ პირთა გამოვლენისა და საჯარო სამსახურიდან ჩამოშორების მიზნით. თამბაქოს მოხმარების ტვირთი სერიოზულად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან თამბაქოს ინდუსტრიის მიერ შემოტანილი ერთი ლარი სახელმწიფოსა და ჩვენს მოქალაქეებს მისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ან სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მინიმუმ სამჯერ მეტი უჯდება.
ყოველივე ზემოაღნიძნულიდან გამომდინარე, ალინსი საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს.
ჩარჩო კონევცნიით ნაკისრი ყველა ვალდებულების დაუყონებლივ აღსრულებას კონვენციის სამდივნოს შეფასების დოკუმენტის შესაბამისად;
ვინაიდან მთავრობის ჩინოვნიკები შეგნებულად აჭიანურებენ პროცესს ვთხოვთ პარლამენტს განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლება და საპარლამენტო ინიციატივით რიგგარეშედ განიხილოს ალიანსის მიერ კონვენციის მოთხოვნებით შექმნილი პაკეტი;
კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნას თამბაქოს კონტროლის სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება პრემიერს ან პარლამენტს;
აიკრძალოს თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და განხორციელების პროცესში.




გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე – ივანიშვილი


ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის ვარდნას, რეგიონში შექმნილ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.
“პრემიუმი” ყოფილი პრემიერის გაცცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“2014 წლის შემოდგომიდან ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც დამახასიათებელია.
სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ.
მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე.
საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი).
როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი “ექსპერტები”, რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე.
ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი – 34%, მოლდოვა – 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.
ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.




"ზურა აბაშიძე არ უნდა გავიდეს კომპეტენციის ფარგლებიდან"


“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი უნდა დაწესდეს იმაზე, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს და არ აკეთოს ის, რაც მისი საქმე არ არის.
“ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა, თანხვედრა აზრებისა იმაში, რომ ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად უნდა გაიწეროს რა უფლებამოსილება აქვს პრემიერის წარმომადგენელს. ამ გადაცდომების შემდეგ ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, საგარეო პოლიტიკის კუთხით წამყვანი ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ჩვენ ამიტომ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომ ისინი გაემიჯნონ ამ განცხადებებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, როდესაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი იქნა შემოღებული და აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი შეიქმნა, განსაზღვრული იყო, რომ პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, ჟენევის ფორმატში უნდა წარმართულიყო, ხოლო აბაშიძეს და კარასინს მხოლოდ ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე უნდა ემსჯელათ.
“დღეს ვატყობთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს შეიცვალა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზურაბ აბაშიძის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის დე–ფაქტო პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც მას აძლევს ამ უფლებამოსილებას, რომ ისაუბროს სხვა თემებზე, რომელიც მის უფლებამოსილებაში არ შედის. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ და რაც მისი საქმე არ არის ის არ აკეთოს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.




სევდია უგრეხელიძე: ბიძინა ივანიშვილს დავით ნარმანიას მოშორება სურს


თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმოადგენლის, სევდია უგრეხელიძის თქმით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს თბილისის მერის დავით ნარმანიას მოშორება სურს.
“ბიძინა ივანიშვილს დავით ნარმანიას მოშორება სურს, თუმცა ამას ლეგიტიმური გზებით ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს. ივანიშვილი ნარმანიაზე ღიად ამბობს, რომ ის ინერტული მერია, თუმცა ინერტულობა არ არის ნარმანიას ერთადერთი პრობლემა. ის უმოქმედო და გაუბედავია. ერთი პერიოდი კამერების წინაც ეზარებოდა გამოჩენა”, – განაცხადა უგრეხელიძემ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში




ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა კომიტეტების თავმჯდომარეებმა პოსტები დატოვეს


ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა კომიტეტების თავმჯდომარეებმა პოსტები დატოვეს.
თანამდებობას დატოვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარემ დავით ონოფრიშვილმა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე, გუბაზ სანიკიძით ჩაანაცვლეს.

ნინი კაციტაძე




სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა


საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნას ეხმაურება.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.
„პალიტრა ტვ“-ის გადაცემა “პროვოკატორში” ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსების უკრაინაში დანიშვნის პროცესები სააკაშვილისა და მისი პირადი კონტაქტების წყალობით დიდი ხნის წინ დაიწყო.
“ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნის პროცესი უკრაინაში დიდი ხნის დაწყებულია, კავშირები “ყველანაირ” უკრაინასთან დიდი ხნის არსებულია – იქ ისეთი კვანძები იყო, უკრაიანის ელჩი, მიხეილ სააკაშვილი, სააკაშვილის ბიძა და ა.შ. მე ამ კვანძებს ვერ ვხსნიდი. „ნაციონალებმა“ სწორედ ეს კვანძები გააცოცხლეს თავიანთ სასარგებლოდ, თავშესაფარი შეიქმნეს, როცა საკუთარი ქვეყნის სასამართლოს წინაშე არიან წარსადგომები. ისინი საქართველოს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენენ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ უკრაინა და პირადი ურთიერთობები საკუთარი უსაფრთხოებისთვის გამოიყენეს და ამ დროს, უცხოელებისთვის ეს საქციელი ლოგიკურს ჰგავს, რადგან ეს პირები ჯერ საქართველოდან ებრძნოდნენ რუსებს, ქართველები უკრაინაში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ და ახლა ჩანს, რომ თითქოს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩავიდნენ” , – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში დანიშვნა ამერიკული სტრატეგიის ნაწილია.
მე სრულებით არ ვეთანხმები იმას, რომ “ნაციონალების” უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა ამერიკული სტრატეგია შეიძლება იყოს. ეს წამოწყებულია და ძალიან ჰგავს სააკაშვილისა და თავისი ვიწრო წრის ნაფიქრალს. ასე მგონია, რადგან დაახლოებით ვიცი, როგორ ფიქრობენ და აწყობენ გეგმებს. ეს მათი სცენარის ვარიანტებია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




ნარმანია: "ნაცმოს" დაფუძნებული არასამთავრობოები რას საუბრობენ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა


არ მაინტერესებს, რას ამბობენ “ნაცმოს” დაფუძნებული ორგანიზაციები, – ასეთი განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მოქმედ მაღალჩინოსანთა ნასამართლეობის შესახებ მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
“ნაცმოს” მიერ დაფუძნებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები რას საუბრობენ და რას მოგვიწოდობენ – ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. არ მაინტერესებს, რას ამბობენ “ნაცმოს” მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ინფორმაციით, თბილისის მერიაში ამჟამად წარსულში მძიმე დანაშაულებებისთვის ნასამართლევი პირები მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.
კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ მაღალჩინოსნად, “მედიატორის” წარმომადგენელი მთაწმინდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საშკა სანაძეს ასახელებს, რომელიც 2006 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს.
მისივე თქმით, ნაძალადევის მუნიციპალიტეტის საუბნო ერთეულის თავმჯდომარე ვასილ ბექაური საბურავის ქურდობისთვის იყო დაკავებული, ხოლო მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2011 წელს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული. ჩივიაშვილმა თავის დროზე დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.




საქართველოს საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადასცა


საქართველოს საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადასცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას ვიზიტთან დაკავშირებით.
როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, ვიაჩესლავ ჩირიკბას თურქეთში ჩატარებული ყველა შეხვედრა ნოტაში დეტალურად არის ასახული.
“თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია შემდეგია: ჩირიკბას უარი ეთქვა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებაში. შესაბამისი განცხადება თავი შეიკავონ მსგავსი შეხვედრებისგან, რაც არ ასახავს ქვეყნის პოლიტიკას, სამინისტრომ თურქეთის სახელმწიფო უწყებებში დააგზავნა. თუმცა პრევენციის მიუხედავად, გარკვეული შედეგები მანიც შედგა, რომელთა შესახებაც მოხსენებულია ნოტაში.” – განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ. მისი თქმით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ოფიციალური ანკარა ერთხმად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი პოზიცია ამ საკითხში უცვლელი დარჩება.