კაცებმა ხელი ისე ვერ მოიქნიეს, რომ კაკო ბობოხიძეს ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა – ნინო ბურჯანაძე


“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს სასტუმრო ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, ამის საჭიროება რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა, როცა დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
“ხელისუფლების უუნარობას რომ ვუყურებ, კიდევ არ ვარ დარწმუნებული, ქვეყანაში ტერორის არარსებობა იმის დამსახურებაა, რომ მართლა არ უნდათ, თუ იმის, რომ ამის თავიც არ აქვთ. რასაც მე პარლამენტში ვუყურე, კაცებმა ხელი ვერ მოიქნიეს ისე, რომ ერთი მუშტი ცხვირში მოხვედროდა კაკო ბობოხიძეს, როგორც ჩანს, რომც უნდოდეთ კიდევაც, ტერორის განხორციელების თავიც არ აქვთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ გამორიცხავს


ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
მისი შეფასებით, რადგან ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობს სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია .
„სამთავრობო კრიზისი არის ყველაზე დაბალი დონის კრიზისი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და ვფიქრობ, ის გარდაუვალია. დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. თუ მეტ-ნაკლებად სოციალური რისკები იქნა შერბილებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ივანიშვილს დარჩეს კომფორტი, რომ ის არ დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუმცა მე უფრო ნეგატიურ პროგნოზს გავაკეთებდი. კრიზისი შეიძლება იმდენად სერიოზულად განვითარდეს, რომ მას მოუწიოს თავისი სიტყვის შესრულება. მან თქვა, რომ თუ საჭირო გახდა პოლიტიკაში დავბრუნდებიო. მის გარეშე კოალიცია არაფერს წარმოადგენს“, – ამბობს ხუხაშვილი.




რა საკითხები განიხილეს სახელისუფლებო წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილთან დახურულ შეხვედრაზე?


რესტორან ,”ბაგრატიონში” წუხელ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი კოალიციის წევრების დახურული შეხვედრა გაიმართა.
“რუსთავი–2″–ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ მინისტრები, დეპუტატები, ხელოვანები, პარლამენტის სპიკერი და თბილისის მერი.
შეხვდრის ინიციატორი ყოფილი პრემიერი იყო.
“ქართული ხმების“ სოლისტის, გია ჭირაქაძის განცხადებით, შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამეს და კოალიციის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
„ძალიან მეგობრული საახალწლო შეხვედრა იყო. ვინც აქ ვისხედით, ერთად შემთხვევით არ ვყოფილვართ, დიდი ხანია ვმეგობრობთ. მოფერებასთან ერთად, კრიტიკა და შეცდომებზე საუბარიც იყო“,-აღნიშნა გია ჭირაქაძემ.




ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ადეიშვილია უკრაინის ნათელ მომავალს ვერ შექმნის


იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინაში, წინა ხელისუფლების იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა, უკრაინის მომავალს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის.
ამის შესახებ მინისტრმა, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გულწრფელად გეტყვით, არ მგონია, რომ ასეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც არის მაგალითად ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ნათელ მომავალს შექმნის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა, უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება.




,, ნაციონალურ მოძრაობას" ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს


“ნაციონალური მოძრაობას” ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ახალ მდივნად სერგო რატიანი დაასახელეს.
მას შემდეგ, რაც ზურაბ ჯაფარიძე პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა, პოლიტიკური მდივნის ვაკანტური ადგილი სერგო რატიანმა დაიკავა.




საქართველოს ჩართვა სამხედრო თემატიკაში უაღრესად სახიფათოა – გიორგი მარგველაშვილი


საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჩართვა უკრაინის მოვლენებში სამხედრო თვალსაზრისით არის უაღრესად სახიფათო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, უკრაინაში ქართველი მებრძოლების ქმედებები პოლიტიკური განხილვის საკითხი ვერ იქნება.
“ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგია – ქართულმა სახელმწიფომ უკრაინას მხარი დაუჭირა ჰუმანიტარული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. სამხედრო თემატიკაში საქართველოს ჩართვა არის უაღრესად სახიფათო თემა. ჩვენმა სახელმწიფომ ეს ნაბიჯი არ გადადგა, არც უნდა გადაედგა. შესაბამისად, ყველა სხვა ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის ინდივიდების ინიციატივა. პოლიტიკური განხილვების საკითხი ვერ იქნება ქართველი მებრძოლების ქმედებები. ეს ცალკე ისტორებია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის მიმართ სამართლიანად და სწორად მოიქცა.
“ჩვენ მართლა გამოვხატეთ მხარდაჭერა. საქართველომ დაუჭირა უკრაინას მხარი ბევრად მეტად, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. ევროპის ქვეყნები ავიღოთ, შეერთებული შტატები ავიღოთ – ჩვენზე მეტი განცხადება ვინმეს გაუკეთებია?! ჩვენი, პატარა ქვეყანა – რუსეთის მეზობელი, ბევრად მეტად რისკავს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს. თუ ეს სტანდარტი არ მოსწონს ოპოზიციას, ეს ოპოზიციის უფლებაა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ყველა უმკაცრესი საშუალების გამოყენება, რაც რეგლამენტით და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, სრულიად აუცილებელია – უსუფაშვილი


პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდარზე პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული. ამის შესახებ რიგგარეშე სხდომის განახლებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. აქ ამისთვის არ ვართ. ამიტომ დღევანდელი ინციდენტი სრულფასოვნად გაირკვევა– ყველა ზომის უმკაცრესი საშუალების გამოყენება, რაც რეგლამენტით და კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს– არ ვიცი, რა მოტივით და რა მიზნით – მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვურად განვითარდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეიგინა. ამის გამო სხდომა რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული.




პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


დაპირისპირებას წინ უმრავლესობის წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადება უძღოდა, რომელიც სხვადასხვა დელეგაციაში კვოტების ხელახალი გადანაწილების აუცილებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, კვოტების ახლებური გადანაწილება ყველა დელეგაციაში უნდა მოხდეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობა დატოვეს. მისივე მოსაზრებით, 10-კაციან დელეგაციაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 კაცით ნაკლები უნდა ჰყავდეს. მის გამოსვლას უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის გამოსვლა მოჰყვა.
„იმის მაგივრად, რომ თქვენი მოქმედებებით ევროპაში თქვენი ცუდი რეპუტაცია გამოასწოროთ, დედა-რუსეთისაკენ მიექანებით. თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, დედა-რუსეთი გაქცევისთვის აღარ ივარგებს“, — აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ და შეიგინა, თან საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგისათვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და მანდატურებს დარბაზიდან მისი გაყვანისაკენ მოუწოდა.
ბობოხიძის არაკორექტულ სიტყვებს დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა. მანდატურები ვერ ახერხებენ მათ გაშველებას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
მანდატურებმა დეპუტატები რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ გააშველეს.




ჩვენ ვართ სექტა, თვითონ სექტასთან მებრძოლი ბასილ მკალავიშვილი – ბობოხიძე ღარიბაშვილზე


საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, წვერი მოუშვას, რადგან ჩალმასთან ერთად წვერიც მოუხდება.
ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ღარიბაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” სექტა უწოდა.
“ბატონი ღარიბაშვილი მართალია. ჩვენ ვართ სექტა, თვითონ არის სექტასთან მებრძოლი ბასილ მკალავიშვილი, ოღონდ ვურჩევდი, რომ წვერი მოუშვას და ჩალმასთან ერთად წვერიც მოუხდება”,- განაცხადა ბობოხიძემ.




სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების გეგმას საზოგადოებას თებერვლამდე წარვუდგენთ – ღარიბაშვილი


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაქსიმუმ თებერვლამდე, ხელისუფლება საზოგადოებას, კონკრეტულ გეგმას წარუდგენს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პროკურატურამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დააჩქარა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველა ის საჩივარი და განაცხადი შეისწავლა, რომელიც პროკურატურაში ოფიციალურად შევიდა.
“მე მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ პროკურატურამ ყველა იმ განაცხადის შესწავლა დაასრულა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა პროკურატურაში. საქმე ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს ეხება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ციხეებში სასჯელს უკანონოდ იხდიდნენ, რომ ისინი წამების, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. ჩვენ ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებული განაცხადი შევისწავლეთ. ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით კი სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება.
დაზარალებულებს თებერვლამდე წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება მათი ზარალის კომპენსირება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.