ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება გარდაუვალია – ივანიშვილი


გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ბიძინა ივანიშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე წერს და მათ შორის გამართულ პირად საუბრებს აქვეყნებს.
გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილს ემიგრანტებთან შეხვედრის დროს ნახევრად ხუმრობით უთქვამს, „ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც ვატყობ, გარდაუვალია, რადგან 2016 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ ჩემს გარეშე დამაჯერებლად ვერ მოიგებს და ცხადია, საკუთარ პარტიას ზურგს ვერ შევაქცევ და ვერ ვუღალატებო. თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მაშინ აუცილებლად მომიწევს დაბრუნება, რადგან ამ დროისთვის , „ქართულ ოცნებას“ მცირედი კაპიტალი აქვს, ვიდრე ეს 2016 წლისთვის ექნება, პარტიას ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი ჩამოსცილდა და მათი მობრუნება და იმაში დარწმუნება, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია, ისევ მე მომიწევსო“- წერია „კვირის ქრონიკის“ მიერ მომზადებულ სტატიაში.




უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ – მარგველაშვილი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ
“არ ვფიქრობ, რომ მე უნდა გავაკეთო განცხადებებზე რეაგირების კომენტირება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ. ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




ვწუხვარ, რომ ისინი ჩვენი თანაგუნდელები არიან – ჩაფიძე თავდაცვის უწყებაზე


უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას უარყოფითად აფასებს.
“ჩემთვის გაუბებარია, რატომ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი პოლიტიკური განცხადება, ვწუხვარ რომ ისინი ჩვენი თანაგუნდელები არიან და იმედია, უახლოეს ხანებში მოვისმენთ განმარტებას, თუ ვისი ინიციატივით გავრცელდა ეს განცხადება,” – აცხადებს ელისო ჩაფიძე.




ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას შეცდომას უწოდებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში, ჟურნლისტებთან საუბარში განაცხადა.
,,მეც არ მომეწონა ეს განცხადება და მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. ვესაუბრე მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა, პირველ რიგში, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე.
რაც შეეხება განცხადებას, მე მას არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რასაც ჩემი აზრით თავდაცვის მინისტრი გააკეთებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაღუპული ქართველის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა.




უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ... მაგრამ მათი არჩევანი აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს – ღარიბაშვილი


უკრაინელი ხალხი საქართველოსთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ უკრაინული მთავრობის მსგავსი ნაბიჯები აზიანებს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის – ეს განცხადება ირაკლი ღაირბაშვილმა გააკეთა და ის ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება. როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




მიხეილ სააკაშვილი მზად არის პუტინს დასაქმებაში დაეხმაროს


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცახდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია არ ინერვიულოს მის დასაქმებაზე.
მისი თქმით, თუ პუტინი თავის დღევანდელ საქმიანობას დაანებებს თავს, მზად არის თავის უნივერსიტეტში დაასაქმოს.
,,ძალიან ბევრ წამყვან უნივერსიტეტში მიმიწვიეს ამ ბოლო დღეებში. შემომთავაზეს უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელის პოსტიც და ამ ეტაპზე თავი შევიკავე. ჩემი ხელმძღვანელობით ინსტიტუტიც შეიქმნა ნიუ-იორკში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დიდი ხნის წინ მომცა სამუშაო ვიზაზე თანხმობა. ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს რასაც აკეთებს და შევაწევ სიტყვას, მასაც მისცემენ ვიზას. მზად ვართ ავიყვანოთ ჩვენ ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა, ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს რითაც ახლა არის დაკავებული”, – განაცხადა სააკაშვილმა.




თეა წულუკიანს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გაუხარდება


იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ის მოხარული იქნება, თუკი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
„თუ პოლიტიკაში მობრუნდება ყოფილი პრემიერი, მე, როგორც ერთ ადამიანს ეს გამიხარდება.
მაგრამ რამდენადაც ვიცი, ის ამას არ აპირებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების თხოვნით მიმართოს.




პუტინი საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს რუსეთში ეპატიჟება


რუსეთი მზადაა საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვში უმასპინძლოს, ამის შესახებ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„თუ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლად ჩათვლის, ჩვენ მოხარულები ვიქნებით მათი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის, პრეზიდენტის თუ პრემიერის მოსკოვში ხილვით“- აღნიშნა პუტინმა.




ვეუბნებოდი სააკაშვილს ომი არ დაიწყო-თქო, მაგრამ არ დამიჯერა და რეზულტატი სახეზეა – ვლადიმერ პუტინი


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ ეუბნებოდა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო.
ამის შესახებ პუტინმა, დღეს გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები გვქონდა. ვეუბნებოდი, მიხეილ, არ არის საჭირო ამის გაკეთება. ომი არ უნდა დაიწყო, თუმცა მან არ დამიჯერა და რეზულტატი სახეზეა. მე მესმის რომ ეს ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი ტკივილია. ზუსტად ასე მოხდა მაშინ, როცა 1989 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო გამოეყო მას, აფხაზეთმა კი განაცხადა, რომ რუსეთთან სურდა, საქართველომ მაშინაც სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო. ჩვენ არაფერს არ ვპროვოცირებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.




მარგველაშვილის ბოროტი მამინაცვალი მშვიდად იყოს – მიხეილ სააკაშვილი


მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს… იქ ისეთი ბოროტი მამინაცვალი ელოდება…. – სააკაშვილ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტთან საიდუმლო შეხვედრებს არ გეგმავს, – ამის შესახებ სააკაშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.
,,იქ ისეთი ბოროტი დედინაცვალი და მამინაცვალი ელოდება და იმდენი ბოროტი თვალი და მეთვალყურე გამოატანეს, რომ ნამდვილად არ მინდა, ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. დღეს მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს, ამდენად იყონ წყნარად, არანაირი საიდუმლო შეხვედრები არ შედგა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.