სტიქიური უბედურების გამო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა


106985
თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს.
“მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1 ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება. ანალოგური მაუწყებლობის გამორთვას თბილისიდან ვიწყებთ, თუმცა ეს იქნება არა 17 ივნისს, არამედ, სავარაუდოდ, 1 ივლისს. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელადაა აუცილებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ბანანის ექსპორტს კრიზისი მოელის?


                 ობის სოკომ Fusarium დაავადა აზიისა და აფრიკის ბანანის პლანტაციები, სულ ახლახანს კი ავსტრალიაშიც იჩინა თავი.  ბანანის ინდუსტრია პანიკაშია – პრობლემა ხომ მან თვითონ შექმნა.  1950  წელს ამ დაავადებამ სრულიად გაანადგურა ბანანის სახეობა გრო–მიშელი. ამის  შემდეგ ლიდერის პოზიცია დაიკავა სახეობამ კავენდიშმა, რომელიც ახლა მასიურად იყიდება მსოფლიოს მასშტაბით. ეს სახეობა საშუალებას იძლევა მოიკრიფოს ადრეულ ეტაპზე და სრულ დამწიფებას მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მიაღწიოს. ასეთი აგროპოლიტიკა, სამწუხაროდ მხოლოდ ბანანებს არ ეხება – ფერმერები მასიურად ირჩევენ იმ ჯიშებს, რომლებიც უკეთესად ერგებიან სავაჭრო პირობებს. მაგრამ მონოკულტურების მოყვანა მათ პოპულარიზაციას  უდიდეს საფრთხეს უქმნის იმის გამო, რომ  ისინი მაღალსპეციალიზირებული დაავადებების გადადების  დიდი რისკის ქვეშ არიან.

“მეოთხე ტალღის პანამის დაავადება” (Panama disease Tropical Race 4) –ასე ქვიან ამ საშინელ დაავადებას. ობის სოკოს შტამი Fusarium oxysporum, რომელიც კავენდიშის ჯიშის ბანანებს ანადგურებს, განსხვავდება იმ შტამისგან, რომელმაც თავის დროზე გრო–მიშელი გაანადგურა; ამ დროის მანძილზე მიკრობმა მუტაცია განიცადა და მისგან დამცავი სისტემების გადალახვა მოახერხა. მისი სპორები ადვილად ვრცელდება ადამიანის მიერ – ფეხსაცმლის ძირზე, ტრაქტორის ბორბალზე და სატრანსპორტო კონტეინერებზე. ამის გამო კი ისინი ყველგან აღწევენ.

დაავადებულ მცენარეს ფოთოლი უყვითლდება, კარგავს წყალს და ხმება; ამით მცენარე სიცოცხლისუნარიანობას კარგავს და ლპობის პროცესი ვითარდება. პალმის განკურნების საშუალება არ არსებობს, ხოლო დაავადება ძალზე სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ აფრიკისა და ორივე ამერიკის მსხვილ პლანტაციებზე Fusarium ჯერ არ აღმოჩენილა, ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ დროის  საკითხია. ამ დროს კი ბიოლოგები  წინააღმდეგობის გაწევის მეთოდებს აქტიურად ეძებენ , რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს ბანანების კრიზისი.

 




საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა


 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა. საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე სწორედ 34 პროცენტით ნაკლებია.

ამავე ცნობით, 2015 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი 34, მეორეზე თურქეთი — 15, ხოლო მესამეზე რუსეთი — 13 პროცენტით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 24 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მილიონი აშშ დოლარით.




ზურა ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გაუქმების ინიციატივით გამოდის


ახალი პოლიტიკური ცენტრი ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხსენებული ცენტრის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, სავალუტო საბჭოს ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნქციები ექნება.
“სავალუტო საბჭოს სისტემა პრინციპულად განსხვავებულია. ცენტრალურ ბანკს ძალიან ბევრი ფუნქცია და მოვალეობა აქვს – ის მართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას და აქვს ამის შესაბამისი ბერკეტები. სავალუტო საბჭო სხვა ტიპის სტრუქტურაა, რომელსაც ამდენი ფუნქცია არ აქვს. ის სავალუტო პოლიტიკას პრაქტიკულად არ ატარებს, შეზღუდულია. მას არ შეუძლია, გამოიწვიოს ქვეყანაში ინფლაცია, როგორც ეს შეუძლია ეროვნულ ბანკს, რადგან ის ახდენს ლარის გამოშვებას მიმოქცევაში და აქვს სხვა ბევრი ფუნქცია, რომელიც სავალუტო საბჭოს უბრალოდ, არ გააჩნია”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლარის სტაბილურობის მისაღწევად რეფორმა უნდა გატარდეს.
“რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკები ნულამდე დავა. მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი აღარ გაუძვირდებათ და ლარში გაკეთებული დანაზოგი აღარ გაუუფასურდებათ. ვისაც ლარში ფიქსირებული ხელფასი აქვს, შემოსავალი აღარ შეუმცირდება. დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით შემცირებულია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული ვიზიტორების შესახებ 2015 წლის მაისის ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-მაისის ინტერვალს, როგორც შსს-ში აცხადებენ, ქვეყანაში უკვე 1 835 545 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 656 068 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%);
ბ) ტრანზიტი – 405 208 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 21%);
გ) სხვა – 774 269 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -1,3%).
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის მაისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+0,5%), აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+42,5%) და უკრაინიდან (-5,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 44%, 27%, 26%, 24% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (104%) და ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელარუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 42% და 43%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 639 %-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 15%-იანი ზრდა.




გიორგი აბაშიშვილი: ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გავლენისაგან.
“საკვირველია რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა ეკონომიკური მოტივები არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო საქართველოში; სფერო, რომელმაც გაუძლო არაერთ გარე დარტყმას, მათ შორის 2008-2009 წლებში ორმაგ ეკონომიკურ კრიზისს და ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სისტემასთან მიმართებაში შესაძლოა ამ სექტორის რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ. თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა – რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება? რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც ამის საჭიროება არ აქვს? ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუკი ამის ნება არსებობს. მეტიც, ძალიან ძნელია გავიხსენოთ თუნდაც ერთი განცხადება კომერციული ბანკების მხრიდან, რომელიც შეეხებოდა ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი გარკვეული ტიპის შენიშვნებს; და კიდევ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა შეფასებულია ძალიან პოზიტიურად.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან; პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა ეროვნული ბანკისათვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა საპრეზიდენტო ინსტიტუტის, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების ფაქტობრივი სხვადასხვა კანონებით შესუსტების მცდელობაა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს; შემდგომ ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნული გადაწყვეტილება და ინიცირებული ცვლილებები იმავდროულად წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტისა და მთლიანობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით ფაქტობრივი შესუსტების კიდევ ერთ მცდელობას“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.




ბუნებრივი აირის გაძვირებაზე ენერგეტიკის მინისტრმა კომერენტარი გააკეთა


ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, პირველი მაისიდან იურიდიული კომპანიებისთვის ბუნებრივ აირზე გადასახადი არ გაიზრდება.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ელექტროენერგიის ტარიფს რაც შეეხება მარეგულირებელს სექტემბრამდე აქვს ვადა შეისწავლოს, დათვალოს საკითხი და შესაბამისად ეს სემეკის კომპეტენციაა და არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს, არც მთავრობას და არც რომელიმე დაჯგუფებას“, – ამბობს კალაძე.




ბიუჯეტის დეფიციტი 3.5%-მდე გაიზრდება, მთავრობის ვალი კი 43%-ს გადააჭარბებს - ჯაფარიძე


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უარყოფით პროგნოზს აკეთებს. ჯაფარიძის თქმით, წელს მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდეს და დაასახელა კონკრეტული სფეროები, სადაც მდგომარეობის გაუარესება არის მოსალოდნელი.
“როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი გააუარესა – BB- პოზიტიურიდან, რეიტინგი შეიცვლა BB- ს ტაბილურად.
ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა მოლოდინებია გაცხადებული fitch-ის მიერ საქართველოს წლევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. Fitch-ი ელის, რომ წელს:
საქართველოს სავალუტო რეზერვები 2.5 თვის იმპორტის ზღვარს ქვემოთ იქნება
ექსპროტი შემცირდება 20%-ით
მიმდინარე ანგარიშიც დეფიციტი გაიზრდება მშპ-ს 9-დან 14%-მდე
წმინდა საგარეო ვალი გაიზრდება მშპ-ს 58-დან 80%-მდე
ეკონომიკური ზრდა შემცირდება 2%-მდე
ერთ სულ მოსახლეზე მშპ შემცირდება 3,623 დოლარიდან 2,923 დოლარამდე (700 დოლარით ნაკლები)
ეს ნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით შემცირდება 7,666 დოლარიდან 6,209 დოლარამდე (1,456 დოლარით ნაკლები)
ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება 3.5%-მდე
მთავრობის ვალი გაიზრდება 43%-ზე ზემოთ
როგორც ვხედავთ, წელს მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ – რომ თუ არ მოხდებოდა გააზრებელი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში, ეს აუცილებლად დასრულდებოდა უარყოფითი შედეგებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სამწუხაროდ დღეს ამას უკვე აცხადებს და ადასტურებს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება კვლავ იმყოფება სირაქლემას პოზიციაში და კოსმეტიკური ქმედებებით ცდილობს შექმნილი ვითარების გადაფარვას.
საჭიროა ბევრად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა: გადასახადების შემცირება, მთავრობის ხარჯების შემცირება და რეგულაციების გაუქმება. თუმცა, ამ ხელისუფლებას მსგავსი რეფორმების გატარებისთვის საჭირო არც კომპეტენცია აქვს და არც პოლიტიკური ნება, ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.”




იაპონიის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში თავისი ქმედებების გამო ბოდიში მოიხადა


“ოფიციალური ტოკიო მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი ქმედებების გამო ღრმა სინანულს განიცდის და ბოდიშს მოიხდის ” , – განაცხადა იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ ჯაკარტაშიმ აზიისა და აფრიკის ქვეყნების  მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

“ჩვენ მშვიდობიანი  სახელმწიფოს პრინციპებს ვემხრობით. ამიერიდან  იარაღის უკონტროლო გამოყენება დაუშვებელი უნდა იყოს.” – აღნიშნა პრემიერმა.

იაპონია აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის 350 ათასი სპეციალისტის მომზადების პროგრამაში აპირებს ჩართვას, რადგან ამ ქვეყნების უმეტესობა დღეს იაპონიის ეკონომიკური პარტნიორია. “ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა გააძლიერებს და დააჩქარებს ამ ორი რეგიონის განვითარებას”,– მიაჩნია ქვეყნის პრემიერ მინისტრს სინძო აბეს. ბოლო 60 წლის მანძილზე აზიისა და აფრიკის ქვეყნებს ტოკიომ 300 მილიონ დოლარზე მეტი ეკონომიკური დახმარება გაუწია, ასევე 140 ათასამდე სპეციალისტი გააზავნა სხვადასხვა რეგიონში.

 

 




მეწარმე, რომლის ბრუნვაც წელს 25 პროცენტით შემცირდება, შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს


მეწარმე, რომლის ბრუნვაც წელს 25 პროცენტით შემცირდება, შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.” შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, სათანადო კონსულტაციების გავლის შემდეგ, საბოლოო ვარიანტის სახით ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა.
კანონპროექტის მიზანი მცირე მეწარმეებისათვის ეკონომიკური მდგომარეობის დროებით შემსუბუქებაა.
წარმოდგენილ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობის შედეგად შეთანხმდნენ, რომ ინიციატორები საბოლოო ვარიანტს ფინანსთა სამინისტროსთან სათანადო კონსულტაციების გავლის შემდეგ წარმოადგენენ.