ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა – ხადური


2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა, რაც კარგი დასაწყისია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე აღინიშნა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, დილის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, შესრულება შეადგენდა 100,3 %-ს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა და ხვალ დღის განმავლობაში ველოდებით დაახლოებით 40-45 მილიონ ლარს. შემოსულობების თვალსაზრისით, ბიუჯეტი გადაჭარბებულია. გადასახადები მობილიზებულია, დღევანდელი მდგომარეობით, ეს არის 6 მილიარდ 840 მილიონი ლარი, რაც 20 მილიონი ლარით მეტია უკვე. გარდა ამისა, 98%-ზე მაღალი იქნება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება და ძირითადად ეს თანხა არის ეკონომიებიდან წარმოქმნილი, მათ შორის ტენდერებიდან წარმოქმნილი. ანუ, 2 პროცენტის ათვისება ვერ მოხდა, რაც, ძირითადად, არის ეკონომიებით გამოწვეული. მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდში დღესაც დაბრუნდება თანხა იმის გამო, რომ ეკონომია იყო იმ კონკრეტული ხარჯის თვალსაზრისით,” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.




2015 – 2019 წლებში პენსიას და სხვა სახელმწიფო გასაცემლებს კვლავ ლიბერთი ბანკი დაარიგებს


2015 – 2019 წლებში პენსიები და სხვა სახელმწიფო გასაცემლები კვლავ “ლიბერთი-ბანკის” ფილიალების მეშვეობით დარიგდება. აღნიშნულის თაობაზე დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ხელშკრულება გაფორმდა.
„ლიბერთი ბანკი“ მზადაა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დახარჯოს, რათა სერვისი უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს. ჯამში კი აღნიშნული მიზნებისთვის 5 წლის განმავლობაში 25 მლნ ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ბანკი იღებს ვალდებულებას, 5 წლის განმავლობაში დამატებით 4 მილიონი ლარი გაიღოს სხვადასხვა სახის აქტივობაში.
შეგახსენებთ, რომ „ლიბერთი“ ერთადერთი ბანკი იყო, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საბანკო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 14 ნოემბერს შედგა და საკონკურსო კომისიამ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წარმოდგენილი წინადადებები დასაშვებად მიიჩნია.
ბანკი ბოლო 10 წლის განმავლობაშიც ახორციელებდა ამ მომსახურებას.




Forbes-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა


საქართველოს პოზიცია, Forbes-ის რეიტინგში „საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ (Best Countries for Business) 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით 3 ადგილით გაუმჯობესდა და 146 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი დაიკავა, ხოლო რეგიონის მასშტაბით – პირველ ადგილზეა.
ამის თაობაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს, გავლენიანი ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული შედეგები გააცნო. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, „ფორბსის“ რეიტინგი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებული კვლევითი ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ მონაცემებსა და რეიტინგებს. მათ შორის ასეთი ინსტიტუტია ჰერიტიჯის ფონდი, რომელიც იკვლევს ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების დონეს.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ კვლევის თანახმად, საქართველომ მკვეთრად გაიუმჯობესა მდგომარეობა 2013 წლის შემდეგ და იგი 22 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით. 2014 წლის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი, რაც აქამდე საქართველოს ამ რეიტინგის მიხედვით ჰქონია. გარდა ამისა, „ფორბსი“ ითვალისწინებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექს, რომელიც ქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ. ამ რეიტინგშიც საქართველომ 2012 წლის შემდეგ გაიუმჯობესა მდგომარეობა და 77 ადგილის ნაცვლად 69 ადგილზე გადაინაცვლა. „ფორბსი“ ასევე ეყრდნობა ისეთ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, „ტრანსფარენსი ინტერნეშენალის“ კორუფციის აღქმის ინდექსი, „ფრიდომ ჰაუსის“ თავისუფლების ინდექსი და საკუთრების უფლებების ალიანსის საკუთრების უფლებების დაცვის ინდექსი“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ფორბსის“ რეიტინგში პირველ ადგილს დანია, ხოლო ბოლო ადგილს გვინეა იკავებს.




კალაძის განცხადებით ელექტროსადგური რაჭის დატბორვას არ ითვალისწინებს


ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე რაჭაში ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
მისი თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალება მშენებლობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მინისტრის განმარტავს, პროექტი არ ითვალისწინებს ტერიტორიის დატბორვას, მოსახლეობის გადასახლებას და ვაზის უნიკალური ჯიშებისთვის საფრთხის შექმნას.
„პროექტის ყველა ეტაპზე დაცული იყო საჯაროობა. საქართველოს მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის დაიდო მემორანდუმი, რაც მოიცავს 18 თვის განმავლობაში პროექტის ეკოლოგიურ, ფინანსურ, სოციალურ და ტექნიკურ შესწავლას, მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული დაცვით მოხდება პროექტის მიზანშეწონილობაზე საუბარი“, -განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს .




საქართველო ელექტრო ენერგიის იმპორტიორი გახდა


პირველად საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში, იმპორტის განხორციელება დაიწყო. – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთიდან თურქეთში, საქართველოს გავლით ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ამის შესაძლებლობას ახალციხეში აშენებული 500-კილოვოლტიანი ქვესადგური იძლევა.
„აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან საუბარი გვქონდა, რომ ეს შესაძლებლობა მათაც გამოეყენებინათ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთიდან დაახლოებით 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტი ხდება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია. ის იმ ვალის დაფარვას მოემსახურება, რომელიც ამ ახალციხის ქვესადგურის ასაშენებლად იყო აღებული“, — განაცხადა კახა კალაძემ.




დიმიტრი ქუმსიშვილი: ამ კვირაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს


ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ კვირაში ლარის კურსი დაიწევს და სავარუდოდ, ერთი აშშ დოლარი 1.85 ან 1.80 ლარი ეღირება.
„როდესაც კურსი არის აღმავალი და შაბათ-კვირა ემთხვევა, მაშინ, როგორც წესი, კიდევ უფრო მძაფრდება ხოლმე ეს ტრენდი. შესაბამისად, როდესაც ტრენდი შაბათ-კვირას შემოტრიალდა, ეს ნიშნავს, რომ ამ კვირაში კურსი ქვევით წამოვა. სავარაუდოდ ჩვენ 1.85-თან, 1.80-სთან მიახლოებულ დოლარის კურსს უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 1.95 ლარია. ლარის კურსის ვარდნა 21 ნოემბრიდან დაიწყო და დოლარის გასაყიდმა ფასმა 2 ლარსაც გადააჭარბა.




ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება–გიორგი ქადაგიძე


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამის გარანტი ეროვნული ბანკია.
ამის შესახებ ქადაგიძემ ლარის რყევასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
,,ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი ვალუტის ინფლაციის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და არასტანდარტული ეროვნული ვალუტის პუნქტუაცია, მინდა განვმარტო. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს, ჩვენი გათველებით ეს დისბალანსი აღმოფხვრილია და უკვე ასახული არის ლარის გაცვლით კურსში.
„ამის მიზეზი ორია: 1. მსოფლიო ბაზარზე, ყველა ძირითად სასაქონლო ჯგუფზე, მათ შორის ნავთობის, ხორბლის, შაქრის და ზეთის სასაქონლო ჯგუფებზე მნიშვნელოვანი ფასები კლებაა; 2.მონეტარული აგრეგატების ფაქტორი, კერძოდ კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა და მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც ინფლაციაზე ზეწოლას კიდევ ერთხელ შეასუსტებს“,-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. „ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებენ ან მიიღებენ კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას გამყარება მოსდევს და ამას არაერთხელ ჰქონია ადგილი, როგორც დოლარი-ლარის გაუფასურების დროს, ასევე დოლარი-ევროს მნიშვნელოვანი ფლუქტუაციების დროს“,-განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, სამწუხაროდ, ამ დროს ამ დროს ყველაზე მეტად ის მოქალაქეები ზარალდებიან, რომლებსაც სესხი დოლარში და ხოლო, შემოსავალი ლარში აქვთ.