"ქრისტეს რჯული ქართველებისათვის პოლიტიკური ქვიტკირიც იყო"


1304707279_iliachavchavadze12  სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.

***

ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად.

***

სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.

***

არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.

***

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

***

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)




ქართველი ოლიმპიელების სამოსი BBC-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა


“ბიბისი”–ს კორესპონდენტის  თქმით, ქართული ტრადიციული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიისთვის , მისი სამოსის ოლიმპიადის გახსნაზე გატანა, ბრენდის კარიერის მაღალი წერტილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბევრი ქართველი ამას არ ეთანხმება. „უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმის შესახებ 6 000-ზე მეტმა ადამიანმა ონლაინ პეტიციას მოაწერა ხელი“ – ნათქვამია სტატიაში.

„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ ქართველი სპორტსმენების ფორმები ტრადიციული ჩოხის ელემენტებზეა შეკერილი და ასევე სახალისო გამოხმაურებებზეც წერს.„პროფესორმა მერაბ ბასილაიამ დიზაინზე იხუმრა და განაცხადა, რომ ფორმები დაავადებათა კლონტროლის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით შეიკერა, რომ ზიკას კოღომ არ უკბინოთ.” პოლიტიკოსმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი დიზაინს „უგემოვნო“ უწოდა და შეშფოთება გამოთქვა, რომ „საქართველო მსოფლიოს დასაცინი გახდა.“

წარმოდგენილი ფორმა ყოველდღიურია. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისგან განსხვავებით, როდესაც ფორმებში წითელი და თეთრი ფერები დომინირებდა, ამ შემთხვევაში ფორმები მუქ-ცისფერ ტონებშია. სპორტსმენების მაისურებზე ეროვნული სიმბოლიკა — საქართველოს დროშა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემაა გამოსახული. ქართველი ოლიმპიელები ფიცის დადების და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე, გულშემატკივრებისა და მედიის წინაშე კომპანია “სამოსელი პირველის” მიერ შეკერილი ტანსაცმლით წარსდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, ოლიმპიურ თამაშებში ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება, სადაც 13 ოლიმპიურ სახეობაში მონაწილეობას 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომელთაგან 9 გოგონაა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე კომენტარი გააკეთა:

“ოლიმპიელების ჩაცმულობაზე მუშაობისას ყურადღება ეროვნულ დეტალებზე გავამახვილეთ, რაზეც კომპანია “სამოსელი პირველმა” იზრუნა და ჩვენი შეკვეთა შეასრულა. ჩემი აზრით, გოგონებიც და ბიჭებიც კარგად გამოიყურებიან და აღლუმზე გამოსვლის დროს გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ნაციონალური ორნამენტებით მორთული ფორმაა.”

ქართველი სპორტსმენების ოლიმპიური შესამოსელი გააპროტესტეს ოლიმპიურ კომიტეტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა. მათი განცხადებით, სპეციალურად შექმნილი კოსტიუმები ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. შეკრებილებმა კომიტეტის წევრებისგან და სამოსზე პასუხისმგებელი პირებისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.

“ქისები რად უნდათ? მედლების ჩასაწყობად?”;  “კაცები ჩინური რესტორნის მზარეულებს და ქალები ტაჯიკ მომღერალთა გუნდს გვანან!!”;  “ოლიმპიადაა, თუ “ორბელიანების ბანი”?;  “სხვა ქვეყნის ოლიმპიელების ჩაცმულობის შემხედვარე, ჩვენი ოლიმპიელები ოლიმპიადაზე კი არა, ვიღაცის პანაშვიდზე მიდიან” – წერენ სოციალურ ქსელში აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.

პროტესტს არ იზიარებენ თავად ოლიმპიელები. როგორც ირკვევა, ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით დაუკვეთა. 

 




პროკურატურა ძველი საქმეების გადახედვას იწყებს


საქართველოს მთავარი პროკურატურა ძველი საქმეების გადახედვას იწყებს. ამჯერად საუბარია იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიასა და ანდრო ჩხიკვიშვილის საქმეზე. ამის შესახებ  ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. 

ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თუკი ახალი გამოძიების პირობებში გამოვლინდება ახალი ფაქტები და გარემოებები, რაც წინა განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და პროკურატურა გამოიტანს დადგენილებას მსჯავრდებული პირის უფლების დარღვევის თაობაზე.

კაციტაძის თქმით, სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა სამი მსჯავრდებულის: იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ინფომრაციით,  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები იოსებ ჯანდიერი, თემურ სალაყაია და ანდრო ჩხიკვიშვილი გასამართლებულ იქნენ და იხდიდნენ სასჯელს წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულებების და მათი უკანონო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

მეორე მოქალაქე, რომლის განაჩენიც გადაისინჯება, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ სალაყაიაა, რომელიც უწყების მტკიცებით, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მის მიმართ ჰქონდათ ეჭვი პოლიტიკურ პარტია ქართულ ოცნებასთან კავშირის თაობაზე. დაკავებას კაციტაძის თქმით, საფუძვლად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა დაედო. პროკურორის განცხადებით, სალაყაიას სთხოვდნენ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობის აღიარებას, რასაც დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა.  მესამე დაზარალებული ანდრო ჩხიკვიშვილია, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 5 წელი მოიხადა საპატიმროში.

სამივე მოქალაქის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.




საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა დაშავებულთა რაოდენობით


საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მათ შედეგად დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით. ამის შესახებ დღეს  საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 600–ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება.

„საქართველოში გზებზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება!

მეგობრებო გამომდინარე უმძიმესი მდგომარეობიდან, რაც ჩვენ გზებზე ხდება, რომელსაც ჩვენ უკვე შევურჩიეთ სახელი “სისხლიანი დაპირისპირება/ომი საქართველოს გზებზე” და გამომდინარე იქიდან, რომ არავის არ ადარდებს ყოველწლიურად 600-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, ხვალ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გამართავს პრესკონფერენციას პრაიმ ტაიმის პრესკლუბში 11:00 საათზე. განსაკუთრებით შემზარავი იყო ბოლო დღეებში მომხდარი არაერთი შემთხვევა. ავტოსაგზაო შემთხვევებმა პრაქტიკულად შემოაღწია ქუჩებიდან თითოეული ჩვენთაგანის ოჯახში. მდგომარეობა არის კრიტიკულზე კიდევ უფრო უარესი. სახიჩრდებიან და იღუპებიან, სოციალურად ყველაზე აქტიური და ქმედითი ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ძმები, დები,შვილები, მშობლები და ა.შ. საქართველოში კვდება ყველაზე მეტი ადამიანი მთელი ევროპის მასშტაბით. ერთადერთი გზა შესაბამისი სამსახურების გამოსაღვიძებლად არის მედია. ჩვენი აზრით ეს ის თემაა, რომლის გამოსასწორებლადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – აცხადებენ გზების ასოციაციაში.




"Lianhe Zaobao": ამერიკა ჩინეთის და რუსეთის გარეშეც დაეცემა


dolariსინგაპურის გამოცემა  Lianhe Zaobao – ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ აშშ ვეღარ ახერხებსმსოფლიო ჟანდარმისროლის შესრულებას, ხოლოაზიაში დაბრუნებისპლიტიკა  რეგიონში მხოლოდ ქაოსს იწვევს. აშშ კრახისკენ მიექანება და ამაში ჩინეთს ბრალი არ მიუძღვის.

რამოდენიმე წლის წინ ვაშინგტონმა „აზიაში დაბრუნების“ საჭიროების შესახებ განაცხადა.  ეკონომიკური თვალსაზრისით  ამაში გარკვეული საჭიროება მართლაც იყო, აზია უკვე დიდი ხანია  ეკონომიკის სამყაროს ცენტრად იქცა. მაგრამ აშშ–ს კურსი მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება.  სტრატეგიულად ეს პოლიტიკა აშკარად ჩინეთის წინააღმდეგ არის მიმართული. თავდაპირველად  „აზიაში დაბრუნების „ მცდელობა ჯერ კიდევ უმცროსი ბუშის დროს იყო, მაგრამ 11 სექტემბრის ტერაქტმა ეს გეგმა არაფრად აქცია. ახლა ამირიკა მეორე ცდას მიმართავს, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ამერიკულ პოლიტიკასთვს შესაძლოა ეს დიდ შეცდომად იქცეს – აშშ–ს წინაშე არსებულ პრობლემას ჩინეთი კი არა, მათი საკუთარი სისუტე წარმოადგენს,– მიაჩნია სტატიის ავტორს,  სინგაპურის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შესწავლის ინსტიტუტის დირექტორს.

nato-logoდღეს მრავალ ამერიკელს და ჩინელსაც კი არ სჯერა, რომ ასეთი დიადი ქვეყანა როგორც ამერიკა შეიძლება დაეცეს. მთელი მსოფლიოს ლიბერალებს ამერიკული პოლიტიკური სისტემა სანიმუშოდ მიაჩნდა, ხოლო“მსოფლიო ჟანდარმის“ სახით აშშ მთელი მსოფლიო თანასაზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ–მ ეკონომიკური თვალსაზრისით შეძლო მარშალის გეგმის შესრულება, რამაც  ევროპის ქვეყნების ეკონომიკა აღადგინა, ხოლო სმხედრო სფეროში აშშ ნატოს დამფუძნებლად მოგვევლინა.

დღეს მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა: მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ შეინარჩუნა სამხედრო უპირატესობა, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლავრე უკვე ისეთი არაა, როგორც უწინ იყო. ცივი ომის დროს  აშშ „პოლიციელის“ როლს ასრულებდა, რადგან საბჭოთა კავშირი  დასავლეთისთვის მტრულად განწყობილ ძალას წარმოადგენადა. დღეს ეს მტერი აღარ არსებობს და აშშ–ს მეკავშირეებს  ამერიკელი ჟანდარმის დაფინანსების სურვილიც გაუქრა, ხოლო ამერიკის ეკონომიკისთვის ეს ტვირთი ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა. თანაც მსოფლიოში აღარ დარჩა რომელიმე კავშირი ან გაერთიანება, რომელიც  აშშ–ს  შეეჯიბრებოდა. მაგრამ  ნებისმიერ სტრატეგიულ კავშირს გარე  მტერი სჭირდება და ამიტომ ჩინეთი საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა ამ თამაშში.  ვაშინგტონმა შეარჩია ტაკტიკა „ ჩემი მტრის მტერი – მეგობარია“ და აზიურ მეკავშირეებთან ურთიერთობის გამყარებას მიმართა.  ჩინეთის პოზიცია  განსხვავებულია – ის არავის რაცხავს მტრად , თუ რათქმა უნდა გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩააყენბ მას.

ამერიკამ აარერთხელ გამოაცხადა ჩინეთი თავის სტრატეგიულ მოწინააღმდეგად, მაგრამ ოფიციალური პეკინი ყოველთვის არიდებს თავს პირდაპირ კონფლიქტს. მეტიც, ჩინეთმა მოკავშირეების ბლოკიც კი არ შექმნა, ის არ აპირებს ამერიკასთნ უაზრო კონფრონტაციაში ჩაბმას. თუმცა ზეწოლა აშშ–ს მხრიდან აიძულებს ჩინეთს დააჩქაროს თავსი  ჯარის მოდერნიზაცია. ეს კი ჩინეთის სამხედრო სტატუს ამაღლებს. „აზიაში დაბრინების“ სტრატეგია   გულისხმობს აშშ–ს პოზიციების დასუსტებას  მსოფლიოს სხვა წერტილებში, ეს პროცესი აშკარად იკითხება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და შუა აზიაში. ჩინეთთან მიმართებაში ვაშინგტონი შეცდომებს უშვებს, რადგან მასზე მცდარი წარმოდგენა  აქვს. ამერიკელები დარწმუნებულები არიან, რომ მომძლავრებულმა  ქვეყანამ  სხვა ლიდერები აუცილებლად უნდა გამოიწვიოს. ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია ევროპული დიპლომატიის გამოცდილებაზეა აგებული და ამიტომაა, რომ  ცდილობენ ადგილობრივი მცნებები მთელ მსოფლიოს მოარგონ. აშშ–მ  უნდა აღიაროს, რომ მისი დაცემა სხვა ქვეყნების ამაღლებასთან კი  არა, მათ საკუთარ სისუსტესთანაა დაკავშირებული. ზუსტად ასე დაეცა ცინის იმპერია და ასე დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამიტომ თუ აშშ  არ გამოასწორებს ჩინეთის მიმართ დაშვებულ შეცდოებს,  საკუთარი ლოგიკის მძევალი გახდება, – ამტკიცებს Lianhe Zaobao მიმომხილველი.

联合早报网 | www.zaobao.com.sg




მსოფლიო პრესა თურქული ამბოხის შესახებ: "ეს რეგიონალური პოლიტიკური მიწისძვრაა"


„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთი ერთერთი შედარებით მდიდარი და დემოკრატიული მუსლიმური ქვეყანაა. თუმცა მასაც აწუხებს გარკვეული პრობლემები. ქვეყნის პრეზიდენტი – ანტიდემოკრატიული მიდრეკილების ავტორიტარული ლიდერია, რომელიც აპატიმრებს ჟურნალისტებს და სისტემურად ძირს უთხრის მრავალპარტიულ სისტემას. თუმცა მან ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო და უთუოდ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. თუ ერდოღანმა მართლაც დააზარალა სამშობლო, ქვეყანამ ნამდვილად  არ დაიმსახურა პრეზიდენტის ძალადობრივი გზით გადაყენება. ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა ხდებოდეს. სამხედრო პირები გონს უნდა მოეგონ და უკან დაიხიონ, რამეთუ ხელისუფლების იძულებით შეცვლა თურქეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის  და ევროპისთვის  მორიგ კატასტროფად იქცევა “ – წერს შვედეთის გამოცემა Dagens Nyheter –ის მთავარი რედაქტორი პეტერ ვოლოდარსკი.

ლივანის გაზეთი „ას –საფირი“ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს „რეგიონალურ პოლიტიკურ მიწისძვრას“ უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთის ისტორიაში არსებული მრავალი სამხედრო ამბოხებისგან განსხვავებით ეს ამბოხება უჩვეულოა. თურქული მხარის მტკიცე განცხადებების მიუხედავად  მაინც არსებობს მცირე გაურკვევლობა და თუ ასე  გაგრძელდა, შესაძლოა მთელ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზება მოხდეს.  მრავალი სახელმწიფო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს  თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ერაყი, ეგვიპტე, საუდის არაბეთ, ყატარი, ლიბია და ევროკავშირის ქვეყნები. ხოლო ირანმა ამ საკითხის განსახილველად ეროვნული უშიშრების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ლივანის სხვა გამოცემა „ალ–მანარი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, რამეთუ მან დაარღვია დემოკრატიულობისა და საერო სახელმწიფოს პრინციპები. ხოლო ლივანის კიდევ ერთი საინფარმოცაიო წყარო „ან–ნაგარი“  აღნიშნავს, რომ სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელებმა მზაობა გამოხატეს იმოქმედონ საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ.

ამავე დროს თურქეთის ვიცე პრემიერმა შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მიზანი გაახმოვანა. მისი თქმით, მეამბოხებულები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ გიულენის მომხრეების მაღალი თანამდებობებიდან გადაყენება. „ეს არა მხოლოდ მუხანათური შეთქმულება, ეს ტერორისტული კამპანია იყო. დამნაშავეები საკუთარ ხალხს ესროდნენ, საკუთარ მეთაურებს უღალატეს, დაბომბეს პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისი.“ – ნათქვამია მის განცხადებაში.

„გარკვეულ წილად ეს ამბოხი მოსალოდნელი იყო, გადატრიალების საშიშროება ყოველთვის არსებობს, თუ ხალხი ჩათვლის რომ პოლიტიკა საკმაოდ კარგი არ არის. ბოლო არჩევნების შემდეგ ერდოღანმა ხელისუფლების სადავეების  საკუთარ ხელში ჩაგდება  სცადა, ხოლო  ამ ნაბიჯმა უწესრიგობა გამოიწვია. ბოლო წლებში ერდოღანმა ქვეყანა კონფრონტაციის ზღვარამდე მიიყვანა: მოძრაობა“ხიზმეტი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა,  ქურთებთან საომარი მოქმედებები განაახლა, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს თურქულ–სირიული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთს საშუალება მისცა. ამავე დროს ერდოღანმა სათავისოდ კონსტიტუციის გადაკეთბაც სცადა. როდესაც მე ერთი თვის წინ ვეწვიე თურქეთს, მრავალი ადამიანი, მათ შორის სახელმწიფო და სამხედრო მოხელე თვლიდა, რომ ერდოღანმა ღრმად შეტოპა და დიკტატურულ მიდრეკილებას ვეღარ თოკავს“– განუცხადა Dagens Nyheter–ს სტამბოლის უნივერსიტეტის ლექტორმა, შვედმა  პონტუს ვალინმა.


კიდევ ერთ შვედური გამოცემა Aftonbladet  აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში  ერდოღანის პოპულარობა განპირობებულია სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებით. თუმცა ბოლო დროს ერდოღანის ავტორიტარიზმი სულ უფრო უცნაურ ფორმებს იძენს, ხოლო ქვეყანა მსხვილ რეგიონალურ ომში ეფლობა. თანაც ერდოღანმა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა და ქვეყანა ისლამიზმისკენ წაიყვანა. ამიტომ სამხედროებმა თავი საერო, დემოკრატიული თურქეთის დამცველებად აღიქვეს…

ისრაელის გამოცემა Haaretz   ამბოხის ჩაშლის მიზეზებს არკვევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეამბოხეები გადატრიალების ძირითადი პრინციპებით მოქმედებდნენ, მაინც  მარცხი განიცადეს. რამეთუ  გადატრიალების პირველი წესი  სამაუწყებლო ცენტრების დაპყრობაა, რაც თურქმა პუტჩისტებამა პირველ რიგში განახორციელეს – ისინი სახელმწიფო მაუწყებლის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტები აძულეს ეთრში ერდოღანის მთავრობის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გადაეცათ.  თუმცა მათ ვერ გათვალეს, რომ თანამედროვე სამყაროში  კავშირის სხვა ტექნოლოგიებიც არსებობენ. ერდოღანმა მოსახლეობას სოციალური ქსელების და სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიმართა. არადა 2013 წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს თურქეთის პრეზიდენტი მკაცრად აკრიტიკებდა  ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს და მათ დაბლოკვასაც აპირებდა.  თუმცა უცნობია, საბოლოოდ შეცვლის  პრეზიდენტი მათ მიმართ  დამოკიდებულებას თუ პირიქით, მათ  ნეტრალიზებას შეეცდება…




საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დეკლარაცია ვარშავის სამიტისთვის


საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ხელს აწერს ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

„დოკუმენტის ხელმომწერ პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიებს წარსულიდან მოყოლებული არსებითი საშინაო პოლიტკური უთანხმოება აქვთ . თუმცა, ჩვენ ერთიანი ვართ ერთ პრინციპთან დაკავშირებით: საქართველოს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და ევროატლანიტკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაცისკენ სწრაფვას.

საქართველოს სურს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანიტკური საზოგადოების კოლექტიური უსაფრთხოების დაცვაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში.

ჩვენ ვაღიარებთ , რეგიონში, საქართველოს წინაშე არსებულ განსაკუთრებულ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მირ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგა, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც ხშირია ტერიტორიული დავები და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტებთან. თუმცა, ჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია და ლოჯისტკური და ენერგეტიკული დერეფანს წარმოადგენს, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთს აკავშირებს.

ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მეზობლების ქმედებების გაკონტრელება და არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თავისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვტის პრინციპებს. ჩვენ არასოდეს ვიქნებით პირველი, ვინც მეზობელთან ძალას გამოიყენებს. თუმცა ამავდროულად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთგული ვართ.

ჩვენ ველით სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი პარტნიორებისგან ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, რათა საქართველომ მოახდინოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ყველა ევროატლანტიკურ ინსტიტუტში“- ნათქვამია, რომელსაც ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.




უგონოდ მყოფი ჯაბა ბოჯგუა დღემდე მსჯავრდებულია


     ჯაბა ბოჯგუა, დახმარება, მომღერალიმერვე წელია, რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 8 წლის წინ   პატიმრობაში მყოფი მომღერალი გულის მწვავე ტკივილებით ჯერ ციხის რესპუბლიურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო  ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯაბას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.   ოჯახმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბა სახლში გადაიყვანა.

მერვე წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა  ლოგინსაა მიჯაჭვული და მასზე მხოლოდ  დედა და პენსიონერი ბებია ზრუნავენ. მისი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა დიდი ხანია, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და ხარჯის დაფარვა აღარ შეუძლია. ამიტომ, მხოლოდ კეთილი ხალხისა და სახელმწიფოს დახმარების იმედზეღა არიან.

პარადოქსია, მაგრამ ჯაბა ბოჯგუა ჯერ კიდევ მსჯავრდებულის სტატუსს ატარებს, იგი არ შეუწყალებიათ. მასთან პრობაციის სამსახურიდან პერიოდულად მიდიან და ამოწმებენ, ხომ არ გამოვიდა მომღერალი კომიდან.  ოჯახი კი  მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგას – მათ არ აქვთ ბინა და სრულფასოვანი მკურნალობისთვის საკმარისი თანხა.

ჯაბა ბოჯგუა სამართალდამცავებმა 2009 წლის  5 ოქტომბერს თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარი გირაო დააკისრა. მომღერალმა ამ თანხის გადახდა ვერ შეძლო, როს გამოც იგი ამ დრომდე მსჯავრდებულის სტატუსს ატარებს.

–  ჯაბა ამ დრომდე პატიმარია, მაგრამ გადავადებული. ორი წელი ციხეში და ოთხი – პირობითი ჰქონდა დარჩენილი. ორივე ვადა ამოიწურა, მაგრამ ჯაბა ისევ პატიმარია. მითხრეს, რომ ვადა კი ამოიწურა, მაგრამ რადგან გადავადებულია, თუ გამოიღვიძებს და მისი მდგომარეობა შესაბამისი იქნება, ციხეში დააბრუნებენო. ეს, უბრალოდ, სირცხვილია. ყველა ხედავს, როგორაა ჩემი შვილი და როგორ არ გამოინახა ვინმე, ვინც შეიწყალებს, როცა კაცის მკვლელებს იწყალებენ. განა მათი მშურს. მე, ვინც ჯაბას ეს ამბავი გაუკეთა და ციხეში ჩასვა, ისიც არ დამიწყევლია და არც დავწყევლი. ღმერთი ყველას თვითონ მიუზღავს ყველაფერს. უბრალოდ, მგონი, ასეთი ავადმყოფი არც ჰყავთ მსჯავრდებულებში და სირცხვილია, ასეთ მდგომარეობაშიც რომ არ იწყალებენ. – ამბომბს ჯაბა ბოჯქუას დედა ქალბატონი მანანა გვასალია.

მაისში  ჯაბას მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, რომელზეც მომღერლის ოჯახი დიდი იმედს ამყარებდა. თუმცა დიდ საკონცერტო დარბაზში  დაგეგმილი კონცერტი არ შედგა, რადგან ბილეთების რეალიზაცია ვერ მოხრხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები 10,15 და 20 ლარი ღირდა, კონცერტზე დასასწრები ბილეთები მინიმალური რაოდენობით გაიყიდა…

www.premiumi.ge

ბანკ "რესპუბლიკას" ანგარიშის ნომერი: GE22BR0000010381699630 - მიმღები მანანა გვასალია
მაგთის და ბილაინის აბონენტებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 0901 700 039
ქალბატონი მანანას პირადი სატელეფონო ნომერი: (+995) 599 40 00 13

https://www.youtube.com/watch?v=Qxe6FRIZuGQ

 




თურქეთი რუსეთს ინჯირლიკის ავიაბაზით სარგებლობას სთავაზობს


d13f82d8948bc71a4b70651a4884032f

თურქეთი მზად არის შეუშვას რუსეთის სამხედრო ძალები  საკვანძო ავიაბაზაზე ინჯირლიკში, რომელიც სირიის საზღვართან მდებარეობს. ამ საკითხზე სოჩის შეხვედრაზე უკვე იმსჯელეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა . 

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვინც ეწინააღმდეგება “ისლამურ სახელმწიფოს” და ინჯირლიკის ავიაბაზის კარს ვუხსნით მათ, ვისაც სურს ჩაერთოს აქტიურ ბრძოლაში. და რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ ამავე მიმართულებით რუსეთთან?” – განაცხადა ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ.  მისი თქმით, ტერორიზმი რუსეთისთვის და თურქეთისთვის საერთო მტერს წარმოადგენს და ერთობლივი ბრძოლა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

 მას შემდეგ, რაც ოფიციალური კრემლის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია თურქეთის წინადადების შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს,   ინჯილიკის ავიაბაზა მან მხოლოდ მაგალითისთვის მოიყვანა  და ამგვარი  თანამშრომლობა შეუძლებელია .

ცნობისთვის, ინჯირლიკის ავიაბაზას იყენებს არა მხოლოდ თურქული ავიაცია,  არამედ ნატო–ს წევრი ქვეყნებიც,  იქ განლაგებულნი არიან აშშ–ს და ბრიტანეთის მფრინავებიც. ბაზაზე ასევე მოთავსებულია ტაქტიკური ბირთვული იარაღი. “ბი–ბი–სი”–ს ინფორმაციით,  ევროპის ტერიტორიაზე ნატო–ს ამგვარი სულ 6 ბაზა აქვს, თუმცა დანარჩენი ბაზები კონტინენტის დასავლეთშია განლაგებული, რაც ინჯირლიკს ახლო აღმოსავლეთში საკვანძო ობიექტის სტატუსს ანიჭებს.

ბაზა მდებარეობს ქ. ადანას გარეუბანში, ზღვის  ნაპირიდან 50 კმ–ში.  მანძილი ავიაბაზიდან სირიის საზღვრამდე 130 კმ–ს შეადგენს. რუსეთის თავდაცვის  მინისტრის ყოფილი მოადგილის ანატოლი სიტნოვის  განცხადებით, სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების რაიონი არ არის იმდენად  დიდი, რომ რუსეთის ავიაციას თურქეთის ტერიტორიაზე დაჭირდეს ძალების განლაგება. საომარი მიზნების შესასრულებლად მათთვის  სავსებით საკმარისია სირიაში მდებარე ხმეიმის ავიაბაზა.

გამორიცხული არაა, რომ, თუ ოფიციალური ანკარა ასეთ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ნატო–ს ხელმძღვანელობა თურქეთზე ზეწოლას მოახდენს, რათა რუსეთის ჯარი  ამერიკელებთან ერთ ბაზაზე არ აღმოჩნდეს.

შესაძლოა, თურქეთის მიერ რუსეთისთვის ავაიბაზით სარგებლობის შემოთავაზება ერთგვარი რევერანსია, რომელიც გამიზნულია  ორ ქვეყანას შორის  გაუმჯობესებული ურთიერთობების გასამყარებლად.

 




ქართულ ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდა


27 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.  ხიდაშელის განცხადებით, “ძალით მოყვანილი სამხედროები შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება”.
“მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე”. -განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.

დღეისათვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ მათი განაწილება ხდება შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში.

“შშს–ში დღეს 4 791 პირი იხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ეს პირები ახორციელებენ სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიც არის მაგისტრალური გაზსადენის დაცვა, ნავთობსადენის დაცვა, საოკუპაციო ხაზი და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცვა. თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება, სამინისტროს მოუწევს დაცვის ამ ღონისძიებების განსახორციელებლად რამდენიმე ათეული მილიონის გამოყოფა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, რისი საშუალებაც არ გვაქვს”, – ასეთი იყო შსს-ს პოზიცია,  როდესაც  მარტში საპარლამენტო კომიტეტში “გირჩის” შესაბამისი ინიციატივა ჩავარდა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. მთავრობის მეთაურმა განმარტებით, ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება და ამ ტიპის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი უარს დამატებით კონტიგენტზე ამბობს. მეორეს მხრივ, პრემიერის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა, პირველ რიგში, მთავრობაში, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში მსჯელობა და საკითხი განსახილველია უშიშროების საბჭოზე.