ყაზახეთის ნაწილი შესძოა უდაბნოდ იქცეს


1442306008_2კლიმატოლოგების პროგნოზით,  ყაზახეთის ნაწილი შესაძლოა უდაბნოდ იქცეს – ამგვარად ქვეყანა ხორბლის სათეს მიწებსა და ბალხაშის ტბას დაკარგავს. მათი თქმით, ეს შეიძლება რამოდენიმე ათწლეულში  მოხდეს.

 ” კლიმატის მომატებული გვალვიანობა ამ ნაწილს შეეხება, ანუ ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ყაზახეთს, ეს ოლქები  ძირითადად მარცვლეულის დიდი მოსავლით ხასიათდებიან. ხოლო თუ მყინვარებიც დადნებიან, მაშინ ბალხაშის ტბაც გაქრება და არალის ზღვის ბედს გაიზიარებს.” – აცხადებს ყაზახეთის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის დირექტორი პაიზხან კოჟახმეტოვი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, საუკუნის ბოლოს საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 4–5 გრადუსით გაიზრდბა, ამის მიზეზად კი გლობალურ დათბობას, სათბურის ეფექტსა და ნახშირჟანგის ამონაბოლქს  ასახელებენ. მათი აზრით, კაცობრიობა დღესვე უნდა შეეგუოს მოსალოდნელ ცვლილებას და გვალვიან კლიმატში მოსავლის მოყვანა უკეთ აითვისოს.


eadaily.com/




მტკვრის სანაპირო ევროპული მეთოდით მოეწყობა


12დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ  მდინარე მტკვრის სანაპიროების გაწმენდის სამუშაოებს  “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორი   დადებითად აფასებს. თუმცა მამუკა სალუქვაძეს მიაჩნია, რომ ასევე  მნიშვნელოვანია გაიწმინდოს მდინარის კალაპოტი. შეგახსენებთ, რომ “სითი ინსტიტუტი – საქართველო” თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანიაა.

მამუკა სალუქვაძეს თქმით,  გენგეგმის ჯგუფის მიზანია  მდინარის სანაპიროს ათვისების ევროპული ქალაქებისთვის პოპულარული მეთოდი  თბილისშიც გამოიყენონ. რეკრეაციული, გამწვანებული ტერიტორიების მეშვეობით შეძლონ ქალაქში გამავალ მდინარესთან ახლოს მისვლა, თუმცა მიაჩნია, რომ აქ ბუნებრივად გადასაწყვეტი იქნება ეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც თავად მდინარე მტკვრიდან გამომდინარეობს.

მისის  აზრით, პირველ რიგში საპარკე ფუნქცია უნდა შეუნარჩუნდეს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მდინარის ბუნებრივ კალაპოტშია მოქცეული და ასეთი ტერიტორიები მთლიანად განაშენიანებას არ დაუთმონ.

“ასეთი ტერიტორიები ბევრი არ გვაქვს. შეიძლება იყოს დიღმის ჭალები და ლისის ტბასთან არსებული ტერიტორიები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მდინარესთან არსებულ რეკრეაციულ ზონებს შეუნარჩუნდეს საპარკე ფუნქცია და ამ ტერიტორიებზე არ აშენდეს საცხოვრებელი სახლები იქნება, თუ ცალკეული შენობა-ნაგებობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისევ იმას, რომ მდინარე თავისთვის იქნება და ქალაქი თავისთვის, ჩვენ კი, ძალიან ძვირფას რეკრეაციული თვალსაზრისით ფასეულ ტერიტორიას დავკარგავთ”, – განაცხადა  მამუკა სალუქვაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში

მამაუკა სალუქვაძე ამბობს, რომ საუბარი ეხება   ასევე  მდინარესთან იმ რეკრეაციული ფართობების და არეალების მიახლოებას, სადაც ამას ხელს ავტომაგისტრალი უშლის.

“პროექტში ჩადებულია, რომ სხვა, ალტერნატიული მაგისტრალების მეშვეობით გარკვეული მონაკვეთები გამოთავისუფლდეს. ეს შეიძლება იყოს მტკვრის მარცხენა სანაპირო, ან საპარკე ზონები გავზარდოთ და მდინარემდე ჩამოვუშვათ, ან გაჩნდეს ასეთი ახალი ტერიტორიები. მდინარის სანაპიროს ათვისების ევროპული ქალაქებისთვის პოპულარული მეთოდი ჩვენთანაც გამოვიყენოთ”, – თქვა  “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.




საქართველოში პოლიეთილენის პარკის გამოყენება აიკრძალება


2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო 2018 წლის 1–ლი იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. როგორც “კომერსანტთან” საუბრისას გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი აცხადებს, აღნიშნული კანონის ფორმით დარეგულირდება. 
სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით ეს ეხება პლასტიკის პარკებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება. როგორც ცნობილია, პლასტიკის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ასწლეულების განმავლობაში რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. პლასტიკის პარკების უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას და რთულია მისი რეციკლირება. დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. პლასტიკის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას, ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პლასტიკი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას.

პოლიეთილენის პარკების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით “კომერსანტი” 2016 წლის სექტემბრიდან წერდა. მაშინ ჩანქსელიანი აცხადებდა, რომ საკმაოდ რთული იყო ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქტის ერთბაშად აკრძალვა, ამიტომ მთავრობას ყველა მხარის ინტერესი უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის, ბიზნესის.

commersant.ge




რა ინტერესები აქვს გმო–თესლის მწარმოებელ "Syngenta"–ს საქართველოში?


 რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  პესტიციდების და ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალის მწარმოებელი შვეიცარული კომპანიის „სინგენტა“ წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს.
“მხარეებმა აგრარულ დარგში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე, ასევე, არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნაცრისადმი და ნაცრისფერი სიდამპლისადმი მიმღებიანი ვაზის ჯიშების და მათთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ჯიღაურას ბაზაზე ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერეს, გაეცნენ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ დიაგნოსტიკურ კვლევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.”– ნათქვამი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებ–გვერდზე განთავსებულ პუბლიკაციაში.
ამ ინფორმაციაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია, გარდა იმისა, რომ “სინგენტა”  პესტიციდებისა და სათესლე მასალის წარმოებასთან ერთად დაკავებულია გენმოდიმიცირებული სათესლე მასალის შექმნა–გავრცელებით. ამის გამო  შვეიცარიული კომპანია არაერთხელ  გახვეულა სკანდალში. “ვიკიპედიაში”  ვკითხულობთ: “Syngenta AG –  შევეიცარიული კომპანიაა, ლიდერი მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სათესლე მასალის წარმოებაში. კომპანია შეიქმნა 2000  წლის ნოემბერში, ფირმა Novartis AG  და  AstraZenecaPlc –ის აგრარული განყოფილების შერწყმის შედეგად. კომპანია გენმოდიფიცირებული  მცენარეების  ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია.”
“პრემიუმი” დაუკავშირდა სოფლის მეირნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს. როგორც მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა განაცხადა, მათთვის უცნობია, აწარმოებს თუ არა “სინგენტა” გენმოდიფიცირებულ სათესლე მასალას, ხოლო  კომპანიასთან მხოლოდ მცენარეთა დაცვის  კუთხით თანამშრომლობენ. მან  აღნიშნა, რომ  “სინგენტას”  პესტიციდები, ჰერბეციდები  და სათესლე მასალა წლების მანძილზე ფართოდ არის წარმოდგენილია ქართულ ბაზარზზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს. “რა თქმა უნდა, გენმოდიფიცირებული სათესლე  მასალის გავრცელებაზე საუბარი არც არის, რადგან საქართველოში კანონითაა  აკრძალული გმ–მცენარეთა კულტივირება. რაც შეეხება აღნიშნულ  შეხვედრას, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ვაზის ჯიშების დასაცავად შესაბამისი ფუნგიციდების მოწოდებას ეხებოდა და ქართული აგროსექტორისთვის “სინგენტასთან” თანამშრომლობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.”–  განმარტა ზურაბ ხიდაშელმა.
 ევროპულ აგრობაზარზე “სინგენტა” როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობს. შვეიცარიული კომპანია არარერთხელ  “გამოიჭირეს”  წესების დარღვევის ფაქტზე.  2005 წლის მარტში ჟურნალ   Nature –ში გამოქვეყნდა  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სინგენტამ”   Bt11  ჯიშის სიმინდი  გენმოდიფიცირებული  Bt10  ჯიშით დააბინძურა.  აშშ–ს მთავრობა და “სინგენტა” 4 თვის განმავლობაში მალავდნენ ამ ინფორმაციას, ამასობაში კი გმ–დაბინძურებული სიმინდის თესლი მსოფლიოში გავრცელდა.  კორპორაცია უაარყოფდა იმ ფაქტს, რომ Bt10 ჯიშის სიმინდი შეიცავს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის მარკერულ გენს, რომელიც აკრძალულია ევროსაბჭოში. საბოლოოდ, დამოუკიდებელი მეცნიერების ზეწოლის შედეგად “სინგენტამ” ეს ფაქტი აღიარა.
– “სინგენტა”  წარმოადგენს გენმოდიფიცირებული მარცვლეულის სათესლე მასალის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს. თუმცა მას ასევე აქვს ქიმიკატების წარმოების მსხვილი მიმართულებაც. საქართველოს ბაზარზე მისი ქიმიკატები საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი.  რაც შეეხება გმ – სათესლე მასალას, დანამდვილებით  ვერ ვიტყვით,  ახდენენ თუ არა მის რეალიზაციასაც საქართველოში, რადგან კანონით გმო-ს კულტივაცია აკრძალულია. – აცხადებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის  ბიოუსაფრთხოების კამპანიის კოორდინატორი გიორგი მაღრაძე. –  სამწუხაროდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ გვაქვს ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარების შესაძლებლობა, რომ გადავამოწმოთ რამდენად ეფექტურად ახდენენ სახელმწიფო სტრუქტურები კანონით განსაზღვრული აკრძალვების ადმინისტრირებას და ასევე მოვახდინოთ ზოგადი მდგომარეობის შეფასება.”
იმედია, შვეიცარიულ კომპანიას მართლაც არ აქვს ბოროტი განზრახვა საქართველოს აგროსექტორის მიმართ, თუმცა “სინგნეტას”  მასშტაბურ და მიზანმიამრთულ “არაკეთილსინდისიერ” გეგმებზე დიდი ხანია საუბრობენ არა მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, არამედ ევროპის გაერთიანებულ აგროსივრცეშიც…
www.premiumi.ge



საქართველო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ანგარიშგებას მოითხოვს


გარემოს დაცვის სამინისტრო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე ორგანიზაციებისგან სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენას მოითხოვს. ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

“2017 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში უნდა წარადგინონ ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზია საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში აქვს მიღებული,” – წერია განცხადებაში.

ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ, საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან, ონლაინ რეჟიმში, ერთი ფანჯრის პრინციპით, ბიზნეს პორტალის საშუალებით, ელექტრონულად განახორციელონ ანგარიშგება. ანგარიშგების წარმოსადგენად პირები შემდეგ ბმულზე უნდა გადავიდნენ –  https://www.my.gov.ge/business/Account/index?type=1

როგორც განცხადებაში წერია, ანგარიშის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ორგანიზაცია 200 ლარით დაჯარიმდება.

 




"დაზოგე წყალი" – თბილისის მერია აქციას უერთდება


Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი „დაზოგე წყალი“ დაიწყო. პრეზენტაციას ვარკეთილის 117-ე საჯარო სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე თბილისის მერთან ერთად დეტალურად ისაუბრეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – ლია გიგაურმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხვად გვაქვს წყლის რესურსები ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ რაციონალურად, სწორად, ეფექტიანად. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებისა და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა მსგავს კამპანიებში არის მნიშვნელოვანი. GWP თბილისის მერიასთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რაც, ერთის მხრივ, ასევე დაკავშირებულია წყლის რაციონალურად ხარჯვასთან და მეორეს მხრივ, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ამ და სხვა მსგავს ღონისძიებებს, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. კამპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციის მიმდინარეობისას, პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან ერთად“ განხორციელდება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, GWP ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან და სხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პროექტს თბილისის სხვა რაიონებშიც განახორციელებს.




ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა


Картинки по запросу черенкиსოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან „La Encina“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება.  ჯიშები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე განთავსდება, სადაც მოხდება მათი შესწავლა და შემდგომ ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში  ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის გათვალისწინებულია სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით  უზრუნველყოფა, ასევე, ესპანეთის სანერგე კომპანიებში ქართველი სპეციალისტების სტაჟირება და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანია საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე გაშენდა და ასევ ხეხილის ბაღები შენდება.  გამოყენებული ნერგების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სანერგე მეურნეობის პროგრამა, რომლის განხორციელებასც ჩვენი ესპანელი კოლეგები აპირებენ  ხელს ადგილობრივი, სტანდარტული ნერგებით ჩვენი ფერმერების უზრუნველყოფას შეუწყობს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

უწყების ცნობითვე, ესპანური კომპანიის „La Encina” პრეზიდენტმა, ხაურეს ფერერიმ აღნიშნა, რომ  ესპანური მხარე ქართული ბაზრით და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს ნერგები საქართველოში ვაწარმოოთ და შემდეგ მივაწოდოთ მომხმარებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავიტანოთ ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში და ევროპაში“, – განაცხადა ხაურეს ფერერიმ.

საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანური კოპანიის წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

 

 




საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება


საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის საქართველოში ასაშენებელ მზის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

მემორამდუმით გათვალისწინებული იქნება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება შემდეგი მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით: „ქსნის მზის ელექტროსადგურის“, „მარნეულის მზის ელექტროსადგური“; კასპის მზის ელექტროსადგური; „გლდანის მზის ელექტროსადგური“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 1“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 2“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2“.

სს „კავკასიის მზის კომპანიას“ მიეცემა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50მ გვტ იქნება.

კვლევები სოფელ ქსანის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.




თბილისში ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გაანთავისუფლებენ


თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს.

სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის იმპორტის წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომაზე დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო.




მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოემსახურება


 წალკისა და მანგლისის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მანგლისისა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა და მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური.
შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, წალკისა და მანგლისის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წელს გადაეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონებზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელები ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” მანგლისისა და წალკის ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დახურა და აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ თონეთში, მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას მარნეულის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადამტვირთი სადგურები აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
მანგლისისა და წალკის არსებული ნაგავსაყრელების დახურვისა და მათთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 427 933 ლარი შეადგინა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი მანქანები გადასცა. ნაგავმზიდი მანქანები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონს საერთო ჯამში 17 ნაგავმზიდი მანქანა გადაეცემა.