ვიწრო ქუჩებში დასუფთავების მანქანები სპეციალური რეჟიმით იმუშავებენ


8ca4828fb5825cf3a7a2c1082ee859cc           პიკის საათებში დასუფთავების მანქანები ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ნარმანიას განმარტებით, საცობებთან დაკავშირებით, მოქალაქეების უკმაყოფილება მერიამ გაითვალისწინა, რის გამოც დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე დასუფთავების მანქანები ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ.

“რაც შეეხება მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ უკამყოფილებას პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ და ქალაქის გადატვირთულ უბნებში, სადაც მაღალია საცობები, დასუფთავების ავტომანქანების სპეციალური მუშაობის რეჟიმი მოვამზადეთ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, სადაც ვიწროა ქუჩები და ინტენსიურია მოძრაობა, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გრაფიკი, ამიტომ დილის 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე და საღამოს 6-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ანუ პიკის საათებში დასუფთავების ავტომანქანები ასეთ ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ. ეს გარკვეული თვალსაზრისით იმოქმედებს მოძრაობაზე და ინტენსიურს გახდის გადაადგილებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.




თბილისში გამხმარი ხეების ჭრა და მათი ჩანაცვლება დაიწყო


12190093_1191361160880482_2876425169445278388_n          ოქროყანაში მავნებელ დაავადებებისგან გამხმარი წიწვოვანი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე მონიშნული 10 ათასი გამხმარი შავი ფიჭვი ეტაპობრივად, ორი კვირის განმავლობაში მოიჭრება.
ხეების მოჭრის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი.
ბიძინა გიორგობიანის თქმით, მავნებლებისგან დაზიანებული ხეები მთაწმინდის ფერდობებზე, თბილისის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში მოინიშნა.
„აღნიშნული ღონისძიებები იმ გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ჩვენმა სამსახურმა მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, დედაქალაქის ფერდობებზე მცენარეული საფარის მასობრივი ხმობის წინააღმდეგ შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა მთაწმინდის ფერდობებზე 10 000 ძირი გამხმარი ხის მონიშვნას, მათ დაუყოვნებლი მოჭრასა და შესაბამისი სახეობის ნარგავებით ინტენსიურ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მცენარეების ხმობა დღეისათვის ქალაქის გამწვანების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს და, შესაბამისად, ძალიან მაღალია მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი. პროცესის პირველ ეტაპზე, ხეების მონიშვნის სამუშაოებში საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიზანი მებაღეები, აქტიურად იყვნენ ჩართული“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, „მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის“ მიერ ფიტოსანიტარიული მონიტორინგი ჩაუტარდა თბილისის შემოგარენის ტერიტორიაზე გაშენებული ფიჭვების ნარგაობას და გამოვლინდა პრობლემები, რომელიც სამსახურის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ფიტოსანიტარიული დასკვნის თანახმად, რეაგირების ღონისძიებები გამხმარი ნარგაობისგან ტერიტორიების გაწმენდას, მათ ჩანაცვლებას, ბუნებრივი განახლებისთვის ხელშეწყობასა და საშიში კერების გაზრდის პრევენციას გულისხმობს. ამჟამად ნარგავების ხმობის მხრივ ყველაზე საშიშ კერებს მთაწმინდისა და კუს ტბის ფერდობები წარმოადგენენ. გამხმარი ხეების მოჭრისა და მათი ჩანაცვლების ღონისძიებები დაგეგმილია ასევე ლისისა და კუს ტბის გზაზე არსებულ ფერდობებზე.
ხე-მცენარეების მოჭრისა და გამოტანის სამუშაოებს ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.
ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები გამწვანების შესაბამის სეზონზე ჩანაცვლდება კლიმატური ცვლილებების მიმართ ისეთი რეზისტენტული ჯიშებით, როგორიცა არის ჰიმალაის კედარი, იფანი, მუხა და აკაცია.
მოჭრის შედეგად მიღებული საშეშე მერქანი გასათბობად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. მოჭრილი ხეების მერქანი ბიძინა გიორგობიანმა დღესვე ოქროყანაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა.




"გარემოსდაცვითი მმართველი" - ახალი სასწავლო პროგრამა


12084065_968766866522528_850487031_n-702x336            ,,გარემოსდაცვითი მმართველი” – ახალი სასწავლო პროგრამა წარადგინა, რომელიც ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის პრეზენტაცია “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ 100-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს ახალი სასწავლო მოდული გააცნო. 2016 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული “ნარჩენების მართვის კოდექსით” გათვალისწინებული მოთხოვნები კომპანიებს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი კადრის – გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრას ავალდებულებს.
სამინისტროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე , რომ საქართველოში აქამდე მსგავსი კადრი და შესაბამისად, ამ მიმართულების კადრის მოსამზადებელი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა. გარემოსდაცვითი მმართველის ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება იქნება. სასწავლო პროგრამის მიზანია კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხუთი წარჩინებული სტუდენტი უფასოდ გადამზადდება, ამით ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გახდნენ სერთიფიცირებული გარემოსდაცვითი მმართველები და თებერვლიდან დასაქმდნენ კომპანიებში გარემოსდაცვითი მიმართულებით. მსურველთა რეგისტრაცია 29 სექტემბრიდან დაიწყება.




ეკომიგრანტებს ბინები გადაეცათ


img_7936
ქედაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადაეცა. ისინი 2001 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, თუმცა ამ დრომდე სოფელ ჯალაბაშვილებში ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.
ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. არჩილ ხაბაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას მთავრობა მომავალშიც გეგმავს.
2013-2015 წლებში კი აჭარაში ფართით 200-მდე დაზარალებული დაკმაყოფილდა. ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ხულოში, ხელვაჩაურსა და ბათუმში.




არასწორი ურბანული დაგეგმარების გამო, თბილისი შესაძლოა ტუბერკულოზით დაავადებულთა კერად იქცეს


  27_big  ბოლო მონაცემების თანახმად , ტუბერკულიოზით დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსში და აჭარაში დაფიქსირდა.  ცნობილია, რომ ამ საშიში დაავადბის გავრცელების ერთერთი მიზეზი ცუდი ვენტილაცია და მოსახლეობის შიდა მიგრაციაა.  სხვადასხვა მიზეზის გამო ქვეყნის მოსახლეობის კონცენტრაცია ძირითადად თბილისს და ბათუმში ხდება.  ამვე  ქალაქებში ყველაზე  აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო  ბუმი, ყოველგავრი ურბანული დაგეგმარების დარღვევით. სავალალო შედეგიც სახეზეა…

ნინო ჩხობაძე,  საქართველოს მწვანეთა მოძრაობისდედამიწის მეგობრები“–ის  თანათავმჯდომარე:

– არასწორი დაგეგმარება და განაშენიანება საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს ხდება ძლიერი აორთქლება, და თავისთავდ იზრდება ტენიანობა. ასეთ პირობებში კი ნაკლებად ხდება ვენტილაცია. ქალაქში მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია ჰაერზე  ახდენს თავისებურ გავლენას. ქალაქის ხელმძღვანელობამ  უნდა გათვალოს, რომ როცა ადამიანების და ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება,  პირობები შეიცვალოს. აუცილებლად უნდა არსებობდეს განაშენიანების  გენერალური გეგმა,  ზონირების გეგმა, რაც  ნებისმიერ თანამედროვე ქალაქში უნდა არსებობდეს. ჩვენთან ეს ყველაფერი არ არის  გათვალისწინებული, სავაჭრო ობიექტები და ,  საცხოვრებელი კორპუსები ერთად მდებარეობს და იქვეა  იქვეა საქმიანი ცენტრიც მოწყობილი. ანუ ქალაქი ზონებად არ იყოფა   – ადმინისტრაციული ცენტრი, საქმიანი ცენტრი, სამრეწველო ზონა, საცხოვრებელი სექტორი და ა.შ. ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება!  ყველაფერი არეულია, ყველა სამრეწველო ზონასთან აშენებულია საცხოვრებელი კორპუსები, რაც ყოვლად დაუშვებელია.  არასწორი განაშენიანების გამო ასევე შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა,  ახლადშექმნილი სექტორები პრაქტიკულად გაუვალია. კორპუსებს შორის ვინტილაცია არ ხდება, სადაც საკმაოდ მაღალი ტენიანობაა და ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი პირობები. ფაქტობრივად, ეს  უბნები ,,გეტოდ” იქცა – ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სპორტის სასახლის უკან ახალაშენებული დასახლება, ვაკე–საბურთალო. და ა.შ.

დედაქალაქის ურბანული გენდაგეგმარება მერობის კანდიდატების უსაყვარლესი თემაა, თუმცა სასურველი პოსტის მიღწევის შემდეგ ეს თემა სრულ იგნორირებას ეძლევა…

მარინა გიორგობიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი:

– რა თქმა უნდა, მჭიდრო განაშენიანება ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური ფონის გართულებას; არასწორი დაგეგმარების გამო ბინებში დარღვეულია იზოლაციის რეჟიმი, არ არსებობს სრულყოფილი ვენტილაცია.  ეს ხდება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ხომ ხედავთ,  რანაირად არის აშენებული ე.წ.  თანამედროვე  ცათაბჯენები?!   მოგეხსენებათ, რომ გარემო არის დაბინძურებული, რაც ასევე  იმუნობიოლოგიური ფონის დაქვეითების მიზეზია. ის ფაქტი, რომ ტუბერკულიოზი  გადამდები დაავადებაა,  ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას  უფრო ძაბავს  და ამ  სიტუაციის გაუარესების ერთ–ერთი მიზეზი ზუსტად არასწორი ურბანული დაგეგმარებაა. შიდა მიგრაციაც არანაკლებ პოზიციას იკავებს ამ „რეიტინგში“.  როგორც წესი, მიგრანტები სახლდებიან   მჭიდრო პირობებში, სადაც არის მაღალი ტენიანობა, მაღალი დამტვერიანება, რაც თავისთავად ართულებს არსებულ მდგომარეობას.

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 20% გენეტიკითაა განპირობებული, 20% გარემოთი და 50% ცხოვრების წესით.  შედეგად,  ეს 70% არის ჩვენ ხელში და სწორი მენეჯმენტის პირობებში სავსებით შესაძლებელია მისი მართვა. ჯანმოს ფორმულირებით, ჯანმრთელობა ეს არ არის დაავადების არარსებობა, ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. თუ ეს ტრიადა არ შედგა, მაშინ არა მარტო ტუბერკულიოზი, სხვა დაავადებებიც ძალიან სწრაფად გავრცელდება.

საქართველოში ტუბერკულიოზის პროფილაქტიკის საქმეში ერთერთ პრობლემას წარმოადგენს მაკონტროლირებელი ორგანოს არარსებობა. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს: გააჩერეთ ქალაქში ნებისმიერი ტაქსი და გამოაღეთ კარი – რა დაბინძურებული სალონები აქვთ მძღოლებს, თქვენ  გგონიათ ეს  არ არის სხვადსხვა დაავადების, მათ შორის ტუბერკულიოზის გავრცელების წყარო?  ბევრს  დაავიწყდა, რომ ვენერიული დაავადებები, მათ შორის ურთულესი სიფილისიც, გადადის საყოფაცხოვრებო ნივთებთან შეხების გზითაც. ტუბერკულიოზი მოგონებაა იმასთან შედარებით  რა დაავადებების გავრცელებცაა შესაძლებელი ამ დაბინძურებულ  სალონებთან კონტაქტის გამო!  ხოლო ტუბერკულიოზი  არა მხოლოდ საქართველოში,  მთელ მსოფლიოშიც საკმაოდ საშიში  ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მისი გამომწვევი მიზეზები  და მკურნალობის მეთოდები, კოხის ჩხირი დღეს  მუტანტი ჩხირია, მის წინააღმდეგ პრეპარატები უკვე  რთულად მოქმედებენ, რაც ამძიმებს  მასთან ბრძოლას. მოკლედ, რომ ვთქვათ, გარემოს დაბინძურება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, არაჯანსაღი კვება, არასწორი დასვენება, არასათანადო სოციალური პირობები და მრავალი სხვა მიზეზი ხელს უწყობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონის დამძიმებას, რაც არასახარბიელოა ჩვენი საზოგადოებისთვის.

www.premiumi.ge




სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში გენმოდიფიცირებული სურსათი გამოავლინა


თბილისშო გენმოდიფიცირებული პროდუქტი გამოავლინესსოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს „კრისტალ ქრაფტი“ კანონდარღვევის გამო 5000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულმა ბიზნესოპერატორმა ბაზარზე ეტიკეტირების წესის დარღვევით განათავსა ირანული წარმოშობის გენმოდიფიცირებული ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში), რომელიც სარეალიზაციოდ გატანილი იყო გორის ქუჩაზე მდებარე შპს “განთიადის” საბითუმო სავაჭრო ობიექტში. სააგენტოს წარმომადგენლებმა სწორედ ამ ობიექტიდან აიღეს ნიმუშები და კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს.
ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ირანული წარმოშობის ტექსტურირებული სოიოს პროტეინი (ფარში) გენმოდიფიცირებულია, რაც ეტიკეტზე არ არის ასახული (პროდუქცია დამზადებულია 01.02. 2015, ვადა 01.08.2016-მდე).
საქართველოს კანონის “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ” თანახმად, შპს “კრისტალ ქრაფტს” დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 000 ლარით დაჯარიმდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი უნდა იყოს აბრევიატურა „გმ”. კანონის მიხედვით, ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში, კი ჯარიმა ორმაგდება და ბიზნესოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.




ზოოპარკის ადგილას სარეკრეაციო ზონა მოეწყობა


თბილისის მერია ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს, ძველ ადგილას კი – ხეების დარგვას.

„ჩვენ გვაქვს ასეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ, გავაფართოვოთ და დავრგოთ ხეები.

ასევე პრობლემები შეიქმნა მზრიუთან დაკავშირებით, ის მთლიანად მშენებლობებშია მოქცეული და გვინდა, რომ ზოოპარკი და მზიური ერთმანეთთან დაკავშიროთ გადასასვლელი საფეხმავლო ესტაკადით და დამატებით ხეები დაირგოს, რათა ერთიანი სივრცე გაკეთდეს და ამით ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონის განვითარებას“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში.




ნინო ჩხობაძე: ესტაკადის მშენებლობისას არ მოხდა მისი გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლა


8234A852-3A51-44F0-AAF4-59B3F5166BDC_w640_r1_s თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების მიზეზებზე და შედეგებზე კომენტარს გარემოს დამცველები აკეთებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, ესტაკადის მშენებლობისას არ მოხდა მისი გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლა.
“არ მომხდარა გარემოს ზემოქმედების შეფასება. როდესაც მშენებლობა დაიწყო შესწავლა ბოლომდე არ იყო დასრულებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ მომხდარიყო შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულებულიყო მშენებლობა, მაგრამ ვადებში არ ეტეოდნენ. დღეს რა მდგომარეობაცაა, ყველა ეს შედეგი პროგნოზირებასთან მიმართებაში არსებობდა,”- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.




ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ქუჩები და ზოოპარკი გაანადგურა


კვირა ღამეს საქართველოს დედაქალქს ძლიერი წვიმა ქარით და სეტყვით დაატყდა თავს. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ასობით სახლი და ეზო დატბორა. წვიმამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. სტიქიის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი,მათ შორის ზოოპარკის 3 თანამშრომელი. ათამდე ადამიანის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, ათობით ადამიანი დაზარალდა და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.
preview_9132ab3b0d782ca00e286631f755a17b
დიდი ზარალი მიადგა ქალაქის ინფრასტრუქტურას:დანგრეულია ცენტრალური გზები, ზოგიერთ შენობაში კედლები ჩამოიშალა, დაიტბორა ზოოპარკი, სრულიად განადგურებულია ძაღლთა თავშესაფარი. ადიდებულმა მდინარემ ზოოპარკის უმეტესი ნაწილი დატბორა და მის ტერიტორიაზე ლოდები და მანქანები შეყარა.

preview_6a41ad886ebeb85353375d647ab0b65b

ქვედა ტერასაზე მყოფმა ცხოველების უმეტესობამ აბობოქრებულ სტიქიას თავი ვერ დააღწია, გადარჩნენ მხოლოდ ზედა ნაწილზე მყოფი ცხოველები, ეკზოტარიუმიც არ დაზიანებულა. მაგრამ ცხოველების ნაწილმა ზოოპარკის ტერიტორია დატოვა და ახლა მთელი ქალაქის მასშტაბით მათი ძებნა მიმდინარეობს. ცხოველებს საძილე საშუალების გამოყენებით აძინებენ და ზოოპარკში აბრუნებენ, ხოლო ზოგიერთი ცხოველის განადგურება გახდა საჭირო, რადგან მათი აგრესიული ქცევა მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ დაკარგულია 13 მგელი, 6 ლომი, 6 ვეფხვი, 7 დათვი.
preview_73d157b6f62ec14c55cd53b768fa18bc

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომლის კოორდინაციას საქართველოს მთავრობის სახელმწიფო უშიშროების და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს. “შტაბი 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს და ინფორმაციას საგანგებო რეჟიმში მოვაწვდით მოსახლეობას.” – განაცხადეს მთავრობის პრეს–სამსახურში. 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

preview_760426a59a7efc5cb6379e355539cd3f




დარიალის ხეობა სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროების გამო ჩაიკეტება


დარიალის ხეობაში, სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება დღეს, 19:00 საათიდან 07:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.