რუსეთი აფხაზებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლს გადაუხდის


Похожее изображениеსოხუმში აზიურ ფაროსანათან დაკავშირებით გამართულ თათბირზე რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს.

მეცნიერებს მწერები ფერომონული ხაფანგების დამზადებისთვის სჭირდებათ, რომლებსაც შემდგომ აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოიყენებენ. რუსი მეცნიერები ასევე  მავნებლის გენეტიკას და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას შეისწავლიან.  მწერები რაიონულ განყოფილებებში მჭიდროდ დახურულ პლასტმასის ჭურჭელით უნდა მიიტანონ.

“ამჟამად მავნებელი ძილის მდგომარეობაშია, ამიტომ აფხაზეთის მოსახლეოაბა უფრო იოლად შეძლებს მისი კერების აღმოჩენას და განადგურებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითოეული ფაროსანა 6 მილიონამდე  კვერცხს დებს, არსებობს გარანტია, რომ მავნებლის ხელით შეგროვება  ჯერჯერობით  მასთან  ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.” –აღნიშნა ჯამბულათ ხატუოვმა.

abkhazinform.com

 

 




დღეს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა


Картинки по запросу вода

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ზღვაზე წყლის სინჯების აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

სპეციალისტებმა  აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე  განსაზღვრეს,  ქიმიური და მიკრობიოლოგიური   კვლევები  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება. მიღებული  შედეგები  ათ დღეში გახდება ცნობილი. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს  და  წყლის ხარისხს მდინარეების და ტბების 150-მდე წერტილში იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება საქართველოში წყლის რესურსების სააუზო მართვის  დანერგვის მიზნით.




120 მლნ. ლარი იხარჯება გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე


Похожее изображениеგარემოს დამაბინძურებლებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე 2016 წელს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი გამოყო. შესაბამისი ანგარიში  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. 

ანგარიშში ჩამოთვლილია მავნე ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებები: ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები, ინტოქსიკაცია, თვალების წვა, სისხლმბადი ორგანოების დააავადებები (ლიმფომა, ლეიკემია), ფილტვების კიბო და სხვა. ასევე აღნიშნულია, რომ  საქართველოში არ არის დამტკიცებული გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა NEAP-3 და „საქართველოში დღეისათვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. „გოსტებს“, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას“.

ანგარიშში მოყვანილია გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემები, რომლის თანახმად  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის. მათ მოსდევს მრეწველობა (მეტალურგიული კომბინატები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ცემენტის ქარხნები, ფეროშენადნობთა ქარხანა და სხვ.); მშენებლობა (ძველი შენობების დემონტაჟი, მშენებლობის ნორმების დაუცველობა, ბადეების გამოყენების უგულებელყოფა); ენერგეტიკული სექტორი (თბოსადგურების მოხმარებისთვის გამოყენებული მყარი და თხევადი საწვავი, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვ.); სოფლის მეურნეობა (შხამ-ქიმიკატების მოხმარება);  გადამამუშავებელი მრეწველობა (მყარი ნარჩენების გადამუშავება).

დასკვნის თანახმად, ათი და მეტი წლოვანების ავტომონილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია და მათში, სავარაუდოდ, ან არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული კატალიზური გარდამქმნელი, რომელიც ხელს უწყობს შიდა წვის პროცესის დასრულებას და გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობის შემცირებას.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცახდებით, კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას,  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც  შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად.




რიგ ავტოგასამართ სადგურზე დიზელის საწვავში გოგირდის ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა


გარემოს დაცვის სამინისტრომ გასული წლის ბოლოს საქართველოს მაშტაბით საწვავის ხარისხი  10 ავტოგასამართ სადგურზე შეამოწმა. ინფორმაციას BPN – ავრცელებს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, საკვლევი დიზელის საწვავის რიგ ნიმუშებში გოგირდის ზედმეტი შემცველობა დაფიქსირდა. კერძოდ, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა 308-372 მგ/კგ-ს ფარგლებში მერყეობდა. მაშინ როცა, დადგენილი ნორმებით, მისი შემცველობა 2017 წლის იანვრიდან არაუმეტეს 100 მგ/კგ უნდა იყოს.

რაც შეეხება ბენზინს, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საკვლევი ბენზინის ნიმუშებში გოგირდისა და ტყვიის  შემცველობები მთავრობის დადგენილებით მოთხოვნილ ნორმებს აკმაყოფილებდა.

აღსანიშნავია, რომ ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.




ჩინეთში გიგანტური ჰაერის გამწმენდი ამუშავდა


ჩინეთის ქალაქ სიანში, სატესტო რეჟიმში გიგანტური ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა ამუშავდა. სისტემა 100-მეტრიანი კოშკია. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს.

სისტემა თბოელექტრო სადგურის ხარჯზე მუშაობს. კოშკის შიგნით, როდესაც ჰაერი მასში ხვდება, სხვადასხვა სახის ფილტრის ბარიერებს გადის. სიანი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. სისტემის ამუშავების შემდეგ, სპეციალისტების თქმით დაბინძურებული ჰაერი 10 მილიონი კუბური მეტრით შემცირდება.

ეკოლოგიაზე სამხრეთ ამერიკაშიც ზრუნავენ, აქ კონტინენტის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი დაიხურა. ბრაზილიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტონობით ნაგავს გადაამუშავებენ და მისგან აირის, საწვავი სითხის ან მყარ ნივთიერებათა წარმოებას დაიწყებენ. ნაგავსაყრელზე ყოველდიურად 1,000 ტონა საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები იყრებოდა.

„ქალაქის ღია ჭრილობა, რომელიც ადგილობრივების ჯანმრთელობას საფრთეს უქმნის“, -ასე შეაფასეს ბრაზილიის ოფიციალურმა პირებმა დასახლებული ობიექტის სიახლოვეს ნაგავსაყრელის არსებობა.

ცნობილია, რომ ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოში გადასატანად ადგილობრივები დასაქმდნენ. მიუხედავად შემოსავლის წყაროს გაჩენისა, დასაქმებულები ჩივიან, რომ მათი ანაზღაურება მიზერული, სამუშაო კი – რისკის შემცველია.




წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით პრევენციულ ღონისძიებები ტარდება


გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას  მოუწოდებს, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. წინასაახალწლოდ  გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო  თბილისში და  საქართველოს რეგიონებში, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. 

გარემოს დაცვის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას ხე–ტყის უკანონო მოჭრაზე დაწესებულ ჯარიმებზე. კერძოდ,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება 200-დან 400 ლარამდე ჯარიმდება. ამასთან, თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. ჯარიმის გარდა  სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დადგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

“ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ატარებენ. საჯარიმო სანქციები წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 64(1)-ე 66-ე, 151-ე, 151(1)-ე, 128(2)-ე მუხლებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.




სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადაა ფაროსანასთან ბრძოლის დამატებითი მეთოდებიც განიხილოს


სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებას ემყარება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა).

მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ. ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავების მიზნით, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს მეცნიერების მიერ მოწოდებული კომპეტენტური წინადადებები და მოსაზრებები. (info.moa@gov.ge). დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებასა და ღონისძიებების დაგეგმვაში.




ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა ნორმასთან ახლოს იქნება


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ზამთრის პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე მაღალი იქნება.

„ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშნულ რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში მომავალი ზამთრის საშუალო ტემპერატურა სეზონის პირველ ნახევარში ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო მეორე ნახევარში ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი (ზამთრის სეზონის საშუალო ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5.7, მთაში +0.2, მაღალ მთაში -4.4, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1.5, მთაში -1.4 , მაღალ მთაში -5.5 გრადუსს შეადგენს). სეზონის ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გადაიხაროს ნორმიდან, რის პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.




ევროპის თავზე რადიაციული ღრუბელი შეინიშნება


Картинки по запросу радиационный воздухსაფრანგეთის ატომური და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუტის (IRSN) ცნობით, ევროპის თავზე რადიაციული ღრუბელი შეინიშნება. ექსპერტების განცხადებით, ეს შესაძლოა რომელიმე რადიაციული ან ატომური სადგურიდან გაჟონვის შედეგი იყოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ექსპერტების ვარაუდით, გაჟონვა შესაძლოა რუსეთის ან ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდა.

„ამ დროისთვის ადამიანების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ გაჟონვის დროს აუცილებელი იყო შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია“, – ამბობენ ინსტიტუტის წარმომადგენლები.

მეცნიერების ვარაუდით, რადიაციული ღრუბელი ურალის მთების სამხრეთშია წარმოქმნილი. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია რუსეთში მსგავსი ინციდენტის თაობაზე. ოქტომბერში გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალურმა უწყებამ (Bundesamt für Strahlenschutz, BfS) ჰაერში რადიაქტიური ნივთიერებების მატება დააფიქსირა,   გერმანიაში ასეთი ზრდა 6 წერტილზე აღმოაჩინეს.

medinews.ge




გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს


გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სანიტარული ჭრები და ზოგადად, ხე-ტყის დამზადება წარმოადგენს სატყეო სამეურნეო ღონისძიებას, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. ეს უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციასა და გამოვლენაზე. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ნებისმიერი ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით შეაწყობინონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153.

”ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის საფუძველზე მომზადებული ტყის მართვის გეგმებით დაშვებული მოცულობების ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება ტყეების ფაქტიურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მდგრად ტყითსარგებლობას. სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხორციელდება ტყეკაფების გამოყოფა უპირველესად სოციალური ჭრისთვის, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სათბობ რესურსზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაა. ასევე, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრებიც. ტყის მავნე მწერმა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ დიდი ზიანი მიაყენა სამცხე-ჯავახეთში წიწვოვან ტყის მასივებს. 2012 წლიდან მიმდინარეობს მავნებელთან ბრძოლა ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით, თუმცა, საუკეთესო შედეგების მიღების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სანიტარული ჭრების განხორციელებაც, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს პირობებისთვის, არამედ, ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით მეტყევეობაში მიღებული პრაქტიკაა.

ზოგადად, ხე-ტყის დამზადება სატყეო სამეურნეო ღონისძიებაა, რომლის განხორციელება არა მხოლოდ მერქნული რესურსებით სარგებლობის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ, წესების დაცვით დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს ტყეების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას,”-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული მონაცემებია მოყვანილი. უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

”მხოლოდ მიმდინარე წელს (ოქტომბრის მდგომარეობით), სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია უკანონოდ ხე-ტყის მოპოვების სამართალდარღვევის 337 ფაქტი. მათ შორის, 21 ფაქტი დაფიქსირდა მიმდინარე წლის აგვისტოს პერიოდში ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს. 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო ტყითსარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2250 ფაქტი გამოვლინდა. აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.