გია ვოლსკი საყდრისზე საგამოძიებო კომისიის შქმნას მხარს არ უჭერს


უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საყდრისთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს. მისი თქმით, საყდრისის თემა იმდენად გაეხვა პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომ კომისიის ფორმატში ჯანსაღ მსჯელობას ადგილი არ ექნება.
„დროთა განმავლობაში საზოგადოებას ექნება საშუალება დაინახოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება და ამისთვის არა მგონია, რომ საგამოძიებო კომისია იქნეს აუცილებელი. ეს არ არის პოლიტიკური კეკლუცობა. ეს არის ფიქრი იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას, სახელმწიფოს. არსებობს მეცნიერთა სერიოზული ჯგუფები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. არსებობს სამთავრობო სტრუქტურები, რომელთაც ხელეწიფებად ამ მოსაზრებების შეკრება, გაანალიზება და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება”, – აცხადებს ვოლსკი.




„ეარ აზიას“ შავი ყუთების ძებნას განაგრძობენ


ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მყვინთავებმა „ეარ აზიას“ მალაიზიური ლაინერის „შავი ყუთების“ ძებნა განაგრძეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„შავი ყუთები“ იავანის ზღვის ფსკერზე მდებარე თვითმფრინავის უკანა ნაწილშია. შეგახსენებთ, რომ მანამდე იმ ადგილას დამსხვრეული ლაინერის კიდევ 5 მსხვილი ობიექტი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა ასევე 4 გვამს მიაკვლიეს. ამრიგად, ნაპოვნი დაღუპულთა ადამიანების საერთო რიცხვი 34-ს შეადგენს. მაშველების ინფორმაციით, მგზავრების ძირითადი ნაწილი ზღვის ფსკერზე მდებარე ლაინერის კორპუსშია ჩარჩენილი.




2015 წლიდან პედაგოგებისთვის ახალი წესები ამოქმედდება


მასწავლებელს დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროს. “მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება “საკანონმდებლო მაცნეში” გასული წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე კი შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
“მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის” თანახმად, მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომაა: “მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამასთან, მასწავლებლის სხვა დისციპლინური გადაცდომები შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით.
ბრძანების თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება მასწავლებელს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც პირის პატივსა და ღირსებას ლახავს. ასევე, დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი. დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი კი შეიძლება იყოს მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს; ასევე წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
მასწავლებელს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. თუმცა, დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
ბრძანების თანახმად, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადა ერთი წელია. ვადის გასვლის შემდგომ ან ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.




პრეზიდენტი საზღვრისპირა სოფელში ადგილობრივებსა და მესაზღვრეებს ესტუმრა


საქართველოს პრეზიდენტი ქარელის რაიონში, საზღვრისპირა სოფელ კნოლევში ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა.
„სამიათასი წელიწადის მანძილზე ყოფილა მომენტები გაჭირვების, მაგრამ ჩვენს გენს და ჩვენს ჯიშს და ჩვენს ძმობას და მეგობრობას ყოველთვის ყველაფრისთვის გაუძლია და არასდროს წელში არ გადავტეხილვართ ის ხალხი, რომელიც აქ ვცხოვრობთ და ვამაგრებთ ერთობლივ საცხოვრისს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა სასაზღვრო პოლიციის შენობაც მოინახულა და მესაზღვრეებს გაესაუბრა. მათ ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის.
„დღეს მივულოცეთ ახალი წელი ჩვენს მართლაც გმირ ოჯახებს, რომლებიც აქ ძალიან რთულ პირობებში ამაგრებენ იმ მთავარ საზღვარს, რომელიც არის მორალური საზღვარი და ამაგრებენ სიყვარულით. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ოჯახები, რომლებიც არის რეალურად ის ძალა, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.




2015 წლიდან მაწონზე რეგულაციები ამოქმედდება


სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი მოამზადა, პროექტში სპეციალური ჩანაწერი მაწონზეც გაკეთდა.
რეგულაციის მიხედვით, პროდუქტი, რომელიც მაწვნის დასახელებით გაიყიდება, მხოლოდ ნატურალური რძით და საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი უნდა დამზადდეს.
რეგლამენტი ხელმოწერიდან 6 თვეში შევა ძალაში. ამის შემდეგ რძის გადამამაუშავებელი კომპანიები მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს მაწვნის დასახელებით ვეღარ გაყიდიან. თუმცა, მაწვნის ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი წარმოების მოთხოვნა უფრო გვიან დაკანონდება.
რეგლამენტის მიხედვით, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ადგილობრივი დედოთი მაწვნის წარმოების მოთხოვნების შესასრულებლად 2-დან 5-წლამდე დრო მიეცემათ. კონკრეტული ვადა წლის ბოლომდე დაზუსტდება.




ონლაინ თამაშები არ აიკძალება – გიორგი კვირიკაშვილი


ონლაინ თამაშები მომავალი წლიდან არ აიკრძალება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
კვირიკაშვილის განცხადებით აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ მომზადებულა.
“ონლაინ თამაშების საერთო აკრძალვასთან დაკავშირებით, თუ ასეთ ტიპის კანონპროექტი არსებობს, ეს ეკონომიკის სამინისტროში არ მომზადებულა. საუბარი მიმდინარეობდა მხოლოდ იმაზე, რომ თამაშები გარკვეულ ასაკამდე შეიზღუდოს და გაკონტროლდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.




წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, წიწამურში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გახსნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მთავრობის დავალებით სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის ავტორს, არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.
მორალური და ესთეტიკური მნიშვნელობის გარდა, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია საგულისხმო მოვლენაა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალ წელს განხორციელდება ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაც“, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. რეაბილიტირებული ძეგლის გახნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; ძეგლის არქიტექტორი თეიმურაზ ბოჭორიშვილი; სასულიერო პირები, მწერლები, სხვა ოფიციალური პერსონები, სტუდენტები.




საყოველთაო დაზღვევა ჯანდაცვის სამინისტროს ყველაზე წარმატებულ პროექტად დასახელდა


ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, „ექსპოჯორჯიაში“ 2014 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და სამინისტროს რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით წარმატებული იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტებისთვის შემუშავებული პროგრამა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე გაკეთებული სწორი აქცენტები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება სოფლებში.
“ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური, რადგან მან მოიცვა საქართველოს მოსახლეობის ნახევარი. ამ ადამიანების უმეტესობა მანამდე ვერ სარგებლობდა დაზღვევით. ბიუჯეტის მხრივაც ეს ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი იყო”,- განაცხადა სერგეენკომ.
წლის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც. მან განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის სფეროში მდგომაროება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ.
“ქუჩაში ადამიანები აღარ იღუპებიან.თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე კი პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ. სოციალური პროგრამების ხარჯზე ამ კუთხით მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ, თუმცა სამუშაო ახლაც ძალიან ბევრია”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეხვედრას დაესწრნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვადასხვა კლინიკის ექიმები.




კოოპერატივებს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკა გადაეცა


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოსთან კოორდინაციით, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ PIN (People in Need) I რაუნდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ იმერეთისა და რაჭის რეგიონში შექმნილ 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 5 ერთეული ტრაქტორი გადასცა.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრნენ.
“ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში, PIN-ის კონსორციუმის ხელშეწყობით, პირველი რაუნდის საგრანტო კონკურსის შედეგად, 9 საუკეთესო კოოპერატივი შეირჩა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე ტრაქტორები გადაეცა შემდეგ კოოპერატივებს: მეღვინეობის კოოპერატივი “ჯვარისა” – ამბროლაური; მეღვინეობის კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“-თერჯოლა; მეღვინეობის კოოპერატივი „მეღვინეობა საზანო“ – თერჯოლა; ვაზის სანერგე მეურნეობის, სიმინდის წარმოების კოოპერატივი „მშვილდი +“ – ბაღდათი; მეფრინველეობის კოოპერატივი „საწირე“ – ტყიბული.
პირველი რაუნდში გამარჯვებული 9 კოოპერატივის ქვე-გრანტებზე მოთხოვნილმა თანხამ დაახლოებით 550 000 ლარი შეადგინა. ტექნიკური გრანტის სრული ღირებულების 25 % კოოპერატივებისგან მოთხოვნილი თანადაფინანსება არის.
ტრაქტორების გადაცემის ღონისძიებას პროექტში ჩართული მხარეები – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმერეთის და რაჭის სამხარეო ადმინისტრაციის, ENPARD-ის კონსორციუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.




თავდაცვის უწყება უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს


თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.”- აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.”- აღნიშნულია განცხადებაში.