ხმაურთან დაკავშირებით სანქციები დაწესდება

ხმაურთან დაკავშირებით, ადამიანს ჯერ საპატრულო პოლიცია გააფრთხილებს, შემდეგ კი საჯარიმო სანქციები განხორციელდება. ხმაურთან დაკავშირებულ რეგულაციებს თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძე განმარტავს.
კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ხმაურთან დაკავშირებულ კანონპროექტს წარადგენს. კანონპროექტი მესამედ გავიდა პარლამენტში, თუმცა სამივეჯერ ჩავარდა. ამ ეტაპზე ის განსახილველად ცვლილებებით შევა. კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განსხვავებული ტარიფით დაეკისრებათ.
„ხმაურთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე იქნება გაფრთხილება, შემდეგ კი ადმინისტრაციული სასჯელი. ადრე იყო პირდაპირ საჯარიმო სანქციები, თუ გამოვლენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი, ის ადამიანი საპატრულო პოლიციის მიერ იქნება გაფრთხილებული, ხოლო თუ არ დაემორჩილება, აქ უკვე იქნება საჯარიმო სანქციები. გათვალისწინებული სანქციები დღის და საღამოს საათებში სხვადასხვაა. ჯარიმა ფიზიკურ პირზე თავიდან 150 ლარი იქნება, შემდეგ კი 300. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის თანხა ჯერ 500 ლარი იქნება, შემდეგ ჯერზე კი ეს თანხა გაორმაგდება“, – განაცხადა თედო კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკითხი ბიუროზე უკვე გასულია. მომდევნო ეტაპზე კანონპროექტს იურიდიული კომიტეტები განიხილავენ.
image_pdfimage_print

Comments

comments