მანგლისსა და წალკას ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მოემსახურება

 წალკისა და მანგლისის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მანგლისისა და წალკის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შესაბამისი სტანდარტებით დახურა და მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური.
შესრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, წალკისა და მანგლისის მუნიციპალური ნაგავსაყრელები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 2013 წელს გადაეცა. იმ დროისთვის, ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონებზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელები ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” მანგლისისა და წალკის ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად დახურა და აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ თონეთში, მოაწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას მარნეულის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე. გადამტვირთი სადგურები აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
მანგლისისა და წალკის არსებული ნაგავსაყრელების დახურვისა და მათთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 427 933 ლარი შეადგინა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ქვემო ქართლის რეგიონს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი მანქანები გადასცა. ნაგავმზიდი მანქანები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონს საერთო ჯამში 17 ნაგავმზიდი მანქანა გადაეცემა.
image_pdfimage_print

Comments

comments