აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა თბილისში?

4e92b53cdb58გარევაჭრობამ თბილისის ბევრ ცენტრალურ ადგილებში    მასშტაბური სახე მიიღო. გარდა იმისა, რომ მოვაჭრეები  მოქალაქეებს უქმნიან  გადაადგილების პრობლემას, ქალაქის იერსახესაც დიდად არ “ალმაზებენ” , განსაკუთრებით  ტურისტულ ზონებში.  დედაქალაქის მერია  გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს, ხოლო გარემოვაჭრეების ალტერნატიულ ადგილებს შესთავაზებს. ცვლილებები ძირითადად  ქალაქის ტურისტულ და საქმიან ზონებს შეეხება.

თბილისის მერიამ დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია გარე მოვაჭრეები გაიყვანა და პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღება დაიწყო. დახლების აღებას მოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და ისინი უსახსროდ დარჩებიან.

თბილისის მერია ასევე  მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს რამდენიმე მილიონი ლარის დაიხარჯვას აპირებს. პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.  როგორც ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი აცხადებს, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე დეტალები ზუსტდება.  მისი თქმით, სავაჭრო ზონების მოწესრიგებისთვის ხარჯებს ფონდი და თბილისის მერია გაიღებენ. ის ამბობს, რომ მშრალ ხიდზე არსებული გამოფენა-გაყიდვა ადგილზე დარჩება და ტერიტორია ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციისაც იწყებს. პროექტზე 30 მილიონამდე დაიხარჯება. კაპიტალურად შეკეთდება შენობები, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ავტოსადგომი. აღნიშნულ ტერიტორიაზე 300-მდე ოჯახი ცხოვრობს დად 70-80-მდე ბიზნესსუბიექტი საქმიანობს.

“თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა. გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა.

შესაბამისად, დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცათ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა. პარალელურად, მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს.

ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობა, ამ დროისათვის, მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments