"დაზოგე წყალი" – თბილისის მერია აქციას უერთდება


Фото თბილისის მერია / Tbilisi City Hall.წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი „დაზოგე წყალი“ დაიწყო. პრეზენტაციას ვარკეთილის 117-ე საჯარო სკოლაში თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

პროექტის მნიშვნელობაზე, მის მიზნებსა და განვითარების ეტაპებზე თბილისის მერთან ერთად დეტალურად ისაუბრეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ – ლია გიგაურმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხვად გვაქვს წყლის რესურსები ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ რაციონალურად, სწორად, ეფექტიანად. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებისა და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ჩართულობა მსგავს კამპანიებში არის მნიშვნელოვანი. GWP თბილისის მერიასთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რაც, ერთის მხრივ, ასევე დაკავშირებულია წყლის რაციონალურად ხარჯვასთან და მეორეს მხრივ, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ამ და სხვა მსგავს ღონისძიებებს, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტი ახორციელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. კამპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციის მიმდინარეობისას, პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან ერთად“ განხორციელდება. აღნიშნული სკოლების მოსწავლეები გაივლიან საგანმანათლებლო ტრენინგებს, GWP ოლიმპიადის ფარგლებში ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და ეკოვიქტორინაში შეეჯიბრებიან და სხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პროექტს თბილისის სხვა რაიონებშიც განახორციელებს.