საქართველოში პოლიეთილენის პარკის გამოყენება აიკრძალება

2017 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. ხოლო 2018 წლის 1–ლი იანვრიდან აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. როგორც “კომერსანტთან” საუბრისას გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი აცხადებს, აღნიშნული კანონის ფორმით დარეგულირდება. 
სამინისტროში აცხადებენ, რომ გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება. განსაკუთრებით ეს ეხება პლასტიკის პარკებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება. როგორც ცნობილია, პლასტიკის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო ასწლეულების განმავლობაში რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი და რთულად იშლება. პლასტიკის პარკების უდიდესი ნაწილი არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას და რთულია მისი რეციკლირება. დაშლის დროს (თუკი ასეთი ხდება) აბინძურებს ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით და აღწევს კვებით ჯაჭვში. პლასტიკის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას, ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პლასტიკი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას.

პოლიეთილენის პარკების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით “კომერსანტი” 2016 წლის სექტემბრიდან წერდა. მაშინ ჩანქსელიანი აცხადებდა, რომ საკმაოდ რთული იყო ბაზარზე ამა თუ იმ პროდუქტის ერთბაშად აკრძალვა, ამიტომ მთავრობას ყველა მხარის ინტერესი უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის, ბიზნესის.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments