“ჩრდილოელი მეზობლის აგრესიული პოლიტიკა სირთულეს წარმოადგენს”

Фото Giorgi Margvelashvili.საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო – ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

„სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენთან ერთად არის იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც არაერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.  ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას.  მინდა აღვნიშნო  ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც საკითხი შავი და ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობას ეხება.  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზაზე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია, რომლის განხორციელებაშიც ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, ჩვენ ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს.
ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ.  მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ემოციის და შესაძლოა, ტკივილის გადაბიჯების მეშვეობით მივალთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ხედვამდე და ამას განვახორციელებთ აუცილებლად ერთად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.

„საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შედის ძალაში. ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში რეფორმის პროცესი იყო წარმატებული. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ყოველგვარი გარე ზეწოლის გარეშე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის ერთერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება ურთიერთობების გასაღრმავებლად. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებას და დღეს მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად გამოყენებაა.
მინდა განვაცხადო, რომ ლატვია გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
მინდა აღვნიშნო, რომ ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაბოლოს, მინდა საქართველოს პრეზიდენტი მოვიწვიო ლატვიაში, მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.

image_pdfimage_print

Comments

comments