არსამთავრობო სექტორი მოსმენების კანონის ამოქმედებას გაასაჩივრებს

Videonablyudenie-v-pod-ezd-doma-2ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ძალაში დღეიდან შედის. სწორედ დღევადელი რიცხვი არის ბოლო ვადა, როცა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოც უნდა ამოქმედდეს.

სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. ამოქმედების შემდეგ პარალმენტი სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევის პროცედურებს იწყებს. სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება.

კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერმინისტრი. დანიშვნამდე კი, უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს.

,,ეს კანონი არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არანაირად ჩვენი პირადი სივრცე დაცული არ არის. ეს პრობლემა იდგა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნა დაცვის გარანტიები, პირიქით მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა, შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამით პირველ რიგში არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები როგორც არასამტავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება თავად იმას, თუ რა გამოიწვია ამ კანონის მიღებამ, ფაქტიურად მოცემულობა დარჩა იგივე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სუს-ს მოუნდება ჩვენი მოსმენა და პირად სივრცეში შემოსვლა ამას განახორციელებს კონტროლის და შეზღუდვის გარეშე’’,- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

არასამტავრობო ორგანიზაციები ასევე აპირებენ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის გასაჩივრებას.

„ყველა ის რისკები რაც არსებობდა უკანონო ფარული მიყურადების შესახებ კვლავ ძალაშია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის პირად ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მივმართავთ პირველ რიგში ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდგომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა ეს კანონი გაუქმდეს და შეიცვალოს,“-განაცხადა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments