ქუთაისის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზს გაიყვანენ

პრემიერ-მინისტრი მთავრობის  დღევანდელ სხდომაზე ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია .

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით იმოძრავებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება.

„დღევანდელი სტატისტიკით, ეს იქნება დაახლოებით 12 მატარებელი 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქართველოს ყველა წერტილიდან, აეროპორტის მიმართულებით თუ პირიქით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მისვლა ძალიან იოლი იქნება. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროექტის განსახორციელებლად სავარაუდოდ დასახელებული ერთი წელი საჭირო არ იქნება და „საქართველოს რკინიგზა” მშენებლობას უფრო ნაკლებ დროში დაასრულებს.

image_pdfimage_print

Comments

comments