დღეს ხარებაა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ხარების წმინდა დღესასწაულს აღნიშავს. ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია და ყოველ წელს 7 აპრილს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.

ღმართმა ქრისტეშობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც “ჩვენთარ არს ღმერთი”. უფალმა მიავლინა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: “ვითარ-მე არს მოკითხვაი ესე?” – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.

მარიამი, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: “აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

როცა მარიამის მეუღლემ იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ”იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან”.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

image_pdfimage_print

Comments

comments