,,ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება”

ჯარზე და პოლიციაზე მიზანმიმართული შეტევა არის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რაც ყოვლად დაუშვებელია, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ განცხადებებზე კომენტარი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„გამოკვეთილია ყველა ის პირი, ვინც ამას სჩადის ღიად და დაუფარავად. ვფიქრობ, ამას ადრე თუ გვიან სათანადო პასუხი გაეცემა. ის კამპანია, რომელიც ააგორეს მინისტრ ჯანელიძის წინააღმდეგ, ყოვლად დაუშვებელია. დღეს საქართველოში ჯარი, პოლიცია, სპეცსამსახურები აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მინდა, ყველას მივმართო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ განცხადებებს და მოგიწოდებთ მინისტრებს, მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები“,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში ძირეული ცვლილებები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა.
„კეზერაშვილის და ახალაიას კადრების დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, კეზერაშვილის და ახალაიას გუნდის წევრები არათუ დააწინაურეს, არამედ უცხოეთში გააგზავნეს სასწავლებლად. ეს არის სირცხვილი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე განმარტება უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა. მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ყველა საკადრო ცვლილება არგუმენტირებულად განხორციელდა და შესაძლოა მომავალშიც იყოს, რათა სამინისტროში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს, მენეჯმენტი გაუმჯობესდეს და პრობლემები მოგვარდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments