ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს თავი კარგათ გაართვა – ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს მისი პრემიერობის პრინციპულ პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იყოს არანაირი კორუფცია.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“იყო კითხვებიც ღარიბაშვილთან. საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება.
“ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა, თუ ნათესავი მინისტრი ან მით უმეტეს, პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას. მუდმივად გამოძიების პროცესში ვიქნებით. შევქმნით სპეციალურ საიტს, მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები და ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ.
ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ყველას ახსოვს, როგორი პოლიცია ჩაიბარა მან. ვფიქრობ, ღირსეული “მემკვიდრე” დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება”, – განაცხადა ივანიშვილმა

image_pdfimage_print

Comments

comments