საქართველოში ღვინის ჩაის წარმოება იწყება

„ღვინის ჩაის” პროექტი „სტარაპ საქართველოს” სახელწიფო პროგრამის გამარჯვებულია. პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი ბუკია რადიო „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ღვინის ჩაის წარმოების იდეა ქართველ ფარმაცევტ ირაკლი ნატროშვილს ეკუთვნის, რომელიც 25 წლის წინ იკვლევდა ღვინის-(საფერავის) სასარგებლო თვისებებს და აღმოაჩინა, რომ გადამუშავების პროცესში მიღებულ პროდუქციას გააჩნია არანაკლები სასარგებლო თვისებები, ვიდრე ღვინოშია.

მისი თქმით, ჩატარდა არაერთი ექსპერიმენტი და მიღებული იქნა ფხვიერი მასა , რომელსაც ღვინის ჩაი ეწოდა. ბუკიას განმარტებითვე, ეს პროექტი სამეცნიერო ნაშრომის დონეზე დარჩა. 2 წლის წინ კი ირაკლი ნატროშვილის შვილმა გიორგი ნატროშვილმა გააცნო მას იდეა და დაიწყეს ბიზნეს-გეგმაზე მუშაობა, გაკეთდა გათვლები და პროექტი წარადგინეს „სტარტაპ საქართველოს” პროგრამაში, სადაც მოიპოვა კიდეც გამარჯვება. პროექტის ავტორის განცხადებით, ღვინის დამუშავება, რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მიღებული პროდუქციის დაფასოება ხდება პაკეტებში. მომზადების წესი კი ჩაის ანალოგიურია ანუ 3-4 წუთის განმავლობაში საჭიროა მისი გაჩერება ადუღებულ წყალში და პროდუქტი მზად არის.

„ ღვინის ჩაის მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ჩაიში ყველა ის სასარგებლო თვისებაა,  რაც ღვინოშია. საფერავი უნიკალური ჯიშია, ანტიოქსიდანტურია, 20 სახის ამინომჟავას შეიცავს. კარგია სისხლძარღვებისთვის. არ შეიცავს ალკოჰოლს და მისი მიღება შეუძლიათ ბავშვებსაც . გამოყენება შეიძლება როგორც კვების, ისე ფარმაცევტულ ინდუსტრიაში” – აცხადებს გიორგი  ბუკია.

მისი თქმით, დღეს პროდუქტის მხოლოდ საცდელი ნიმუშები არსებობს- სერიული წარმოება ნოემბრიდან დაიწყება , როდესაც საწარმოს მოწყობა დასრულდება. საწარმოსთვის საჭირო ტერიტორიის მოძიება ამ ეტაპზე ხდება, სავარაუდოდ, ის კახეთში განთავსდება. საწყის ეტაპზე პროდუქტის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „ჰორეკა” ბიზნესში მოხდება. ამასთან, ნიმუშები გაგზავნილია უკრაინაში, რუსეთში. გიორგი ბუკია მიიჩნევს, რომ ღვინის ჩაის პერსპექტივა აქვს მუსულმანურ ქვეყნებშიც იქ, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, თუმცა უყვართ ღვინის არომატი .

პროექტის ერთ-ერთი ავტორი სამომავლოდ ღვინის სხვა ქართული ჯიშების დამუშავებას გეგმავს თუმცა ამ ეტაპზე აქცენტი საფერავზეა. „ღვინის ჩაი” ბაზარზე „საამო”-ს ბრენდით გამოვა.  გიორგი ბუკიას თქმით, სამომავლოდ გეგმავენ მჭიდრო თანამშრომლობას ღვინის კომპანიებთან და ჩაის ადგილობრივ მწარმოებლებთან. „ღვინის ჩაი”-ს პროექტმა სტარტაპ საქართველოს პროექტში 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. პროექტის ავტორების თანამონაწილეობამ კი 25% შეადგინა.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments