აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება იქნება

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იქნება.
მისი განმარტებით, ეს არის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე.
„ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, შერჩეულია შვეიცარიული კომპანია, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი უნდა დააწესოს. დეტალებზე არ შევჩერდები. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე მიმდინარეობდა. ეს კონტრაქტი საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანიას შორის უნდა გაფორმდეს. შვეიცარიულ კომპანიასთან რუსეთმაც ანალოგიური კონტრაქტი უნდა გააფორმოს. გათვალისწინებულია ისიც, რომ უნდა შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი ჟენევაში, სადაც საქართველოს, რუსეთისა და შვეციარიის მხარეები იქნება წარმოდგენილი. თავისთავად, ძალიან რთული თემაა. 2011 წლის შემდეგ მიმდინარე მუშაობა, პრაქტიკულად, დასრულებულია. ახლა რუსულ მხარესთან უნდა შევჯერდეთ, თუ როდის ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას“, — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments