თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ჩინეთიდან ხარისხიანი პროდუქცია ჩამოვა?

814-640x425საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას დადებით აფასებენ. ამის შესახებ მათ  პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც  ქართველი ბიზნესმენების გარდა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია ესწრებოდნენ.

პრესკონფერენციის მონაწილეებს გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის.

„მათ გაეხსნათ 1,4 მილიარდიანი ბაზარი, სადაც შეუძლიათ, რომ თავისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიტანონ ტარიფებისა და საიმპორტო გადასახადების გარეშე. ქართული პროდუქციის თითქმის 94% -ზე თითქმის სრულიად მოიხსნება იმპორტის გადასახადი. მაგალითად, ქართულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლურ ან არაალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყალს, კონსერვებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას და ა.შ. შეეძლებათ, რომ იმპორტის გადასახადის გარეშე შევიდნენ ამ ძალიან დიდ ბაზარზე“, – განაცხადა ჩექეზიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ბაზარი დიდი არ არის, თუმცა ჩინეთი მიიღებს იმას, რომ მას რეგიონში პარტნიორად ეყოლება ქვეყანა, რომელსაც თავის მხრივ, ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).

კითხვაზე, რამდენად ხარისხიანი იქნება საქართველოში შემოსული ჩინური პროდუქცია, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხარისხის კუთხით ვალდებულება აქვს აღებული და ყველა დარგში ევროკავშირის დირექტივები ინერგება.

„ეს არის გარანტორი იმისა, რომ ქართული წარმოება იქნება ხარისხობრივად გარანტირებული და რეგულაციები იქნება თუნდაც იგივე იმ ჩინური კომპანიისთვის დაცული, როგორც ეს იყო ევროპის ბაზარზე. დღეს ჩინური პროდუქცია ჩვეულებრივად შემოდის. ჩვენ ვართ თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე მყოფი ქვეყანა, ამიტომ ამ კუთხით დამატებითი საშიშროება არ იქნება, პირიქით, ეს იქნება უფრო კარგი, რადგანაც ვაჭრობა, კონკურენცია გაიზრდება და მგონია, რომ ხარისხობრივად ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“ – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი შაგიძის შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა თავისთავად უპრეცედენტო ფაქტია. ეს შანსს აძლევს ქართულ კომპანიებს, უფრო იაფად მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში. ჩვენი ბანკი მზადაა დააფინანსოს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი“-აცხადებს შაგიძე.

image_pdfimage_print

Comments

comments