“ევროკავშირი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს”

ianosh hermanშექმნილი უხერხული დიპლომატიური სიტუაციის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩს  იანოშ ჰერმანს ახსნა– განმარტების გაკეთება მოუწია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან  საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ჰერმანის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი თავად გააკეთებს ამ თემაზე განმარტებას.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონში სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მე წარმოვადგენ ევროკავშირს და ვახმოვანებ ევროკავშირის პოზიციას”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ,  ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა  ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა  ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა.  ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად. შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  როგორც ირკვევა, ამავე შეხვედრაზე დეფაქტო პრეზიდენტმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს საერთაშორისო სივრცეში ოკუპირებული ცხინვალის ინტერესების აქტიური დაცვა მოსთხოვა.

image_pdfimage_print

Comments

comments