თბილისში ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

შპს “კაფსულომ” კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც ქარხნის ხელმღვანელი ბეჟან გურგენიძე განმარტავს,  კომპანიამ უკვე მიიღო თბილისის მერიისგან როგორც მშენებლობის ნებართვა, ისე განაშენიანების რეგულირების გეგმა. მისი თქმით, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის, სავარაუდოდ, 2-3 თვეში დასრულდება. ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

ბეჟან გურგენიძის განცხადებით, კომპანია შპს „კაფსულო” პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე აცხადებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს. მისივე განცხადებით, ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა. როგორც გურგენიძე განმატავს, პროექტში მშენებლობის პროცესზე და დასრულების ვადაზე უფრო მნიშვნელოვანი ყავის ხარისხი, ტექნოლოგია და მასზე მომუშავე კვალიფიციური კადრია.

” ბევრმა უცხოელებმაც არ იცის ეს ტექნოლოგია და ვინც იცის, სურვილი არ აქვს გაზიარების. რაღაცებს ჩვენით ვსწავლობთ. თანამშრომლებს ტრენინგებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად ვაგზავნით ხოლმე ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში”, – ამბობს გურგენიძე.

მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო” ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო” გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

შპს “კაფსულოს” კახეთის გზატკეცილზე “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

image_pdfimage_print

Comments

comments