26 მაისი ლოზუნგით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” გაიმართება

26 მაისს ღონისძიებები თბილისსა და მთელი საქართველოში გაიმართება ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წელს, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მიეცემა დამატებითი თემატური დატვირთვა – ვეფხისტყაოსანი.

„26 მაისს ღონისძიებები თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი; საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები. საქართველოს სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად, რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი – 80-მდე მეწარმე და 30-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments