ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო


ოფიციალური თბილისის მწვავე პოზიციის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელი ჰელბერტ ზალბერი  როგორც იქნა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრა. ზალბერის თქმით, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის  მთლიანობას. თუმცა გაუგებარი რჩება, რატომ მიულოცა მან ანატოლი ბიბილოვს “არჩევნებში” აგამრჯვება და რატომ იყენებს ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს.

„ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და გაღელვებთ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ჩვენთვის ეს უდავოა. მე, როგორც ევროპული კავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ მიდგომას და ამას ყველგან ხაზს ვუსვამ.

რაც შეეხება არჩევნებს სეპატარისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ევროპულმა კავშირმა ნათელი გახადა, არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლითაც ეს არჩევნები ჩატარდა. მეც ასევე, ამ პრინციპს ვუჭერ მხარს.  ამავდროულად, ევროკავშირი მოწოდებულია, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში თავისი წვლილი შეიტანოს და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ევროკავშირი და პირადად მე, ჩართული ვართ ჟენევის მოლაპარაკებებში. ეს არის ჩემი მანდატის ძირითადი იდეა“, – განაცხადა ზალბერმა.

თუ ბატონი ზალბერი სეპარატისტულ რეჟიმისთვის  “გამარჯვების” მილოცვას კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას უწოდებს, მაშინ ჟენევეის მოლაპარაკებების და საერთოდ, ევროკავშირის მშვიდობიანი როლი ეჭვქვეშ დგება. კონკრეტული ახსნა– განმარტება, თუ რა პოზიციას იკავებს ევროკავშირი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეჟიმების მიმართ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს გაუკეთებია. ევროპელი მაღალჩინოსნები მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ საუბრობენ.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო….

www.premiumi.ge