კუბა აშშ–ს აკრიტიკებს


კუბის ხელისუფლებამ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ის გადაწყვეტილება დაგმო, რომლითაც კუბის მიმართ ამერიკა პოლიტიკას ამკაცრებს. ჰავანამ თეთრი სახლის ინიციატივას ამერიკა-კუბის ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიამიში გამოსვლის დროს, თავისი ხელისუფლების პოლიტიკა გააჟღერა კუბის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს ანულირებს,“- ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კუბის ხელისუფლება აპირებს აშშ-სთან დიალოგის გაგრძელებას და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას. ოფიციალური ჰავანა ხაზს უსვამს, რომ კუბელი ხალხი სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას არ დათმობს. „ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც კუბაზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შეცვლისკენ იქნება მიმართული, მარცხს განიცდის,“- აცხადებს კუბის მთავრობა.

ამერიკული ხელისუფლების, 1959 წლის სავაჭრო ემბარგო, რომელიც კუბაში ფიდელ კასტროს მართველობის დროს ამოქმედდა და დღემდე ძალაშია.

აღსანიშნავია, რომ  კუბაში ახალი ლიდერის ასარჩევად ემზადებიან. ქვეყნის  ხელისუფლებამ ახალი ლიდერის არჩევისთვის პირველი მოსამზადებელი ნაბიჯები გადადგა და 22 ოქტომბერი ქვეყნის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან დელეგატების არჩევის დღედ გამოაცხადა. კუბის კანონმდებლობის თანახმად, დელეგატების არჩევის შემდეგ, მათგან პროვინციებისა და ნაციონალური ასამბლეების დაკომპლექტება მოხდება, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს აირჩევენ. ასამბლეის მიერ, პრეზიდენტის არჩევის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

კუბას  86 წლის რაულ კასტრო ხელმძღვანელობს. უმცროსი კასტრო პრეზიდენტი 2008 წელს გახდა. 2013 წელს, რაულ კასტრომ განაცხადა, რომ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.