“ჩემს უარს პოლიტიკური შინაარსი აქვს”

cms-image-000034113პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. როგორც პრეზიდენტი  განმარტავს, პარლამენტმა უარი თქვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

“გუშინ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლითაც უმრავლესობამ უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც იყო განხილული საზოგადოების წინაშე, რომელიც განიხილეს ვენეციის კომისიაში. ის რაც რეფორმიდან დარჩა, ეს არის ცვლილება მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციების შეკვეცის კუთხით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებებს, კოსნტიტუციიდან უშიშროების საბჭოს ამოღებას. არსებულ ვითარებაში შემოსულია თხოვნა დაინიშნოს საგანგებო სესია და განიხილონ წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ,”- განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გააგრძელოს.

 ”ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსენსუსზე და რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას, სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს  21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. სესიაზე ორი საკითხი იყო განსახილველი – საკონსტიტუციო ცვლილებები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი.

image_pdfimage_print

Comments

comments