დაკავებული დეკანოზის ადვოკატი პატრიარქთან შეხვედრის ჩანაწერის სრულ ვერსიას ითხოვს

საპატრიარქოსაქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე 21 ივნისს პატრიარქის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერი გავრცელდა. “სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზობთ შეხვედრის სრულ აუდიოჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ვიდეომასალას ერთვის.

პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ განაცხადა,რომ საუბარს აწყვეტინებდნენ მამა დავითი (ჭინჭარაული), მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი (გოგოტიშვილი). შეხვედრის შემდეგ თორნიკე მამალაძის ბრალდება უარყო ასევე არქიმანდრიტმა დავითმა.

„პირობა არ ყოფილა მის ზიარებასთან დაკავშირებით. როგორც მე გამოვიტანე აზრი თორნიკე მამალაძის საუბრიდან, თითქოსდა მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს, რაც აუცილებელია პატრიარქმა იცოდეს, ამიტომ პატრიარქი თავისი ნდობით აღჭურავს ამ ორ სასულიერო პირს – მამა დავითს (ჭინჭარაული) და მამა კახაბერს (გოგოტიშვილს), შევლენ ისინი საპატიმრო დაწესებულებაში და თუ სურვილი იქნება, ისინი მამა გიორგის შუამავლის ფუნქციას შეასრულებენ და გამოიტანენ ამბავს, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ არის ის ასე დაინტერესებული პატრიარქს რაღაც უთხრას. მამა დავითისა და მამა კახაბერის შესვლით ზიარება არ მოხდება.

ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს. ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული, მან, როგორც მინიმუმ, უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში. ჩვენ ადამიანებს სიგარეტის მოწევაზე და ქცევაზე ვაძლევთ შენიშვნებს და შეიძლება უზიარებლობის ეპიტემიითაც დავსაჯოთ. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და სულ მინიმუმ საკითხის გარკვევას დაველოდოთ“, – აღნიშნა მამა მიქაელმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოს წერილით მიმართავს. თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიის გადმოცემას ითხოვს. მისი განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ოჯახი შესაბამის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პარტიარქთან შეხვედრის დროს დაკავებული დეკანოზის ზიარების შესახებ პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.

“განცხადება შეგვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვაწოდონ ორი დღის განმავლობაში ის აუდიოჩანაწერი სრულყოფილად, სადაც ჩვენი საუბრები იყო ჩაწერილი. მინდა, რომ ჩემი ყურით მოვისმინო და თუ რაიმე ეჭვი შემეპარება, ექსპერტიზას ჩავატარებ. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ და ყველამ ვიცით, რომ ზიარებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ პატრიარქმა კურთხევა მოგვცა და ხვალ ან ზეგ უნდა ვაზიაროთო. გარეთ გამოვიდნენ და თქვეს, არ ვაზიარებთ, უბრალოდ მოსანახულებლად მივალთო. მე არ მინახავს, რა გაასაჯაროეს, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექსპერტიზას ჩავატარებ”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ასეთივე მოთხოვნა წამოაყენა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატის თქმით, ის ჯერ აუდიოჩანაწერს არ გაცნობია, თუმცა ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებასაც ითხოვს.

„ჯერ ვერ გავეცანი აუდიოჩანაწერს. ვიცი, რომ იყო ვიდეოჩაწერა და თუ გასაჯაროებაა, ვიდეოც უნდა გვანახონ. მაგალითად, მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზს, ეს აუდიოჩანაწერში არ ჩანს“, – განაცხადა ფანცულაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა  დღეს განახლდა.

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი კი აცხადებს, რომ საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს სრულ აუდიოჩანაწერს დღის ბოლომდე გადასცემს.

“ჩვენ მზად ვართ ექსპერტიზისთვის. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს ჩანაწერის სრულ ვერსიას აუცილებლად მივცემთ. მათ სრულ ვერსიას. როგორ ფიქრობთ, ასეთ წინდაუხედაობას გამოვიჩენდით და მონტაჟს გავაკეთებდით, რომ მერე საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციოთ ეს? გავრცელებული ჩანაწერი სრული ვერსიაა. დღის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ მათ თხოვნას და მივცემთ ჩანაწერს”, – განაცხადა ბოტკოველმა.

image_pdfimage_print

Comments

comments