ავღანელები ქართული ცხვრით დაინტერესდნენ

როგორც ცნობილია,საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საექსპორტო პროდუქტებს შორის ვიცე-პრემიერმა წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები დაასახელა.

„ავღანელები ქართული ცხვრის ექსპორტით უკვე დაინტერსდნენ”- ამის შესახებ „კომერსანტთან” ბიზნესმენი ნაზი ალასანია საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ცხვრის ბიზნესშია.  ალასანიას განცხადებით, ავღანეთის ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია და ამ მხრივ რაიმე ფორმის შეზღუდვა და პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, ირანალები, რომლებიც ავღანეთში ცხვრის ექსპორტით არიან დაინტერესებული, ამ დროისთვის შეხვედრებს მართავენ. შედეგად, მოლაპარაკების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოდან ავღანეთში დაახლოებით 12 000 ცხვარი გავა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, ეს ავღანეთში ცხვრის გაყვანის პირველი პრეცენდენტი იქნება.

„საქართველოდან გადის სირიაშიც, ქუვეითშიც,ირანშიც, არაბეთის ემირატებშიც”-აცხადებს ალასანია.

კითხვზე, ხომ არ შექმნის ეს ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტს, აცხადებს, რომ საქართველო ცხვრის ხორცის მომხარებელი ქვეყანა არ არის.

„ჩვენ ცხვრის მომშენებელი ვართ, აქ ცხვარი ძალიან კარგად მრავლდება და იზრდება.ამ რაოდენობის მოხმარებელი კი ჩვენ არ ვართ. ამიტომ, რაც მეტ ცხვარს გავიტანთ, ქვეყანაში მეტი თანხა შემოვა”-აცხადებს ალასანია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი პერმანენტულად მცირდება. 2014 წელს საქართველოდან ცხვრის და თხის ექსპორტმა 21,03 მლნ დოლარი შეადგინა, 2015 წელს – 19,6 მლნ დოლარი, 2016 წელს კი საქართველოდან ექსპორტზე 10,1 მლნ დოლარის ღირებულების ცხვარი გავიდა. 2017 წლის პირველ კვარტალში კი 1,7 მლნ დოლარის ცხვრის და თხის ექსპორტი განხორციელდა.  აღსანიშნავია, რომ ექსპორტის კლების ფონზე იზრდება ქვეყანაში ცხვრის სულადობრივი მაჩვენებელი. 2014 წელს საქართველოში სულ 919,6 ათასი სული ცხვარი და თხა იყო რეგისტრირებული, 2015 წელს – 891,4 ათასი, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 936,5 ათასამდე გაიზარდა. რაც შეეხება 2017 წლის პირველ კვარტალს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში 1,2 მილიონი სული ცხვარი და თხა იყო დარეგისტრირებული.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments