112 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

1391086611417981სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ივნისში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები შეაჯამა. სააგენტის ცნობით,  მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა 730 ინსპექტირება, 734 დოკუმენტური შემოწმება, 43 ზედამხედველობა.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 262 ნიმუში. კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 112 ბიზნესოპერატორს, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე კი, 281 დაჯარიმდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 730 ინსპექტირებიდან 251 თბილისში განხორციელდა, დოკუმენტურად შემოწმდა 249 ბიზნესოპერატორი, გამოვლენილი დარღვევების გამო, 121 დაჯარიმდა. თბილისის სარეალიზაციო ობიექტებიდან ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათის 31 ნიმუშია აღებული.

„მიმდინარე თვის სახელმწიფო კონტროლის შედეგები ცხადყოფს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინება ბიზინეოპერატორების მიერ აქტიურად ხდება. თბილისის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ივნისში ინსპექტირებული 251 ბიზნეოპერატორებიდან საწარმოო პროცესი 73 მათგანს შეუჩერდა, თუმცა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე გამოასწორა გამოვლენილი შეუსაბამობები და ყველა მათგანს აღუდგა საწარმოო პროცესი, რაც აშკარად დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შემოწმებული ბევრი ობიექტი უვნებლობის და ჰიგიენის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო 2011 წლიდან აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს შემდეგი მექანიზმებით: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება. ინსპექტირების დროს ხორციელდება სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მონიტორინგის დროს ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წინა წლებში მოსახლეობის კვებითი მოშხამვების, სურსათით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;

ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით ხდება მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობის შესწავლა. ზედამხედველობის დროს ხდება ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება სურსათის განადგურებაზე,სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე, ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე. დოკუმენტური შემოწმების დროს დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

image_pdfimage_print

Comments

comments