უცხოელი გიდებისა და მძღოლებისთვის საქართველოში ტურების ჩატარების აკრძალვას ითხოვენ

Manifest.ge–ზე განთავსებულია პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებსა და მძღოლებს საქართველოს ტერიტორიაზე ტურების ჩატარება აეკრძალოთ. პეტიცია 5 ივლისს არის შექმნილი და ხელს უკვე 400–მდე ადამიანი აწერს.

„ამ მოთხოვნას საფუძვლად უდევს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების მიერ გაწეული უხარისხო ტურისტული მომსახურება, რომლის დროსაც, არ ხდება ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ გაცნობა ტურისტებისთვის, ასევე, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენები“, – აღნიშნულია პეტიციაში, რომლის შექმნის ინიციატორიც კახა გვარლიანია.

„რეგინფო“ ამ დროისთვის კახა გვარლიანს ვერ დაუკავშირდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გიდის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება. „ამ საკითხზე კერძო სექტორშიც განსხვავებული მოსაზრებებია, აზრი ორად იყოფა. შესაძლებელია რეგულირება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით უკეთესი იყოს, მაგრამ ასევე არის კერძო საქმიანობაში ჩარევის რისკები. ამიტომ, უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილებების ინიცირება დაგეგმილი არ არის“, – განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

reginfo.ge

image_pdfimage_print

Comments

comments