ფოთში დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებისთვის საბანკო შეღვათებზე მერიაში იმსჯელებენ

ფოთის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ფოთის მერი ირაკლი კაკულია გამოეხმაურა. მისი თქმით, საბანკო სექტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა დაზარალებულების მდგომარეობის გათვალისწინება მოხდეს და მათთვის საბანკო შეღავათები დაწესდეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, ასევე გაიმართება  მოლაპარაკებები ბანკებთან.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.  ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სახანძროები. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა  მოვაჭრემ  შეძლო საქონლის მცირე ნაწილის გადარჩენა, თუმცა მათი თქმით, საქონელი სარეალიზაციოდ აღარ გამოდგება. მოვაჭრეების ნაწილი მიიჩნევს რომ ხანძარი ხელოვნურად არის მოწყობილი.

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა. მან ამ ზომას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments