ბერშუეთელების მოსავლის აღების საკითხი კვლავ გაურკვეველია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა ე.წ. საზღვრის იქით მოქცეულ ტერტორიაზე მოსავალს სავარაუდოდ ვერ აიღებს. ამის შესახებ   დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.  ქართული მხარე ამ საკითხზე მოლაპარაკებებს კვლავ გააგრძელებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ე.წ. სასაზღვრო ბანერებთან ხნულების გაკეთება მურად ჯიოევმა ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობის აუცილებლობით ახსნა, ქართულმა მხარემ კი ეს სამუშაოები უკანონო ბორდერიზაციის პროცესის ნაწილად შეაფასა. დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა უარყო ქართული მხარის ბრალდება საოკუპაციო ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

ერგნეთის შეხვედრაზე ასევე განიხილეს დავით ბაშარულის საკითხიც, რომელიც 2015 წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის მიმდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეზე გამოძიება ხელმეორედ ჩატარდება. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა 7 სექტემბერს ჩატარდება. იმ დროს, როდესაც ერგნეთის შეხვედრაზე მხარეები უკანონო ბორდერიზაციის შესახებ მსჯელობდნენ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი კიდევ სამ ქართულ სოფელზე მონიშნა.

შეგახსენებთ, 4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე წინა დღეს დადგეს, რის შედეგად მათ დაახლოებით  10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

image_pdfimage_print

Comments

comments