ნარმანია: “ნაცმოს” დაფუძნებული არასამთავრობოები რას საუბრობენ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა

არ მაინტერესებს, რას ამბობენ “ნაცმოს” დაფუძნებული ორგანიზაციები, – ასეთი განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის მოქმედ მაღალჩინოსანთა ნასამართლეობის შესახებ მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
“ნაცმოს” მიერ დაფუძნებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები რას საუბრობენ და რას მოგვიწოდობენ – ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. არ მაინტერესებს, რას ამბობენ “ნაცმოს” მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ინფორმაციით, თბილისის მერიაში ამჟამად წარსულში მძიმე დანაშაულებებისთვის ნასამართლევი პირები მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.
კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ მაღალჩინოსნად, “მედიატორის” წარმომადგენელი მთაწმინდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საშკა სანაძეს ასახელებს, რომელიც 2006 წელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის გაასამართლეს.
მისივე თქმით, ნაძალადევის მუნიციპალიტეტის საუბნო ერთეულის თავმჯდომარე ვასილ ბექაური საბურავის ქურდობისთვის იყო დაკავებული, ხოლო მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2011 წელს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული. ჩივიაშვილმა თავის დროზე დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

image_pdfimage_print

Comments

comments