საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრას გამართავს


 დღეს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით  ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ერთ კვირაზე მეტია ხელისუფლებისგან ელოდებიან პასუხს იმის შესახებ, თუ როდის და რა ფორმატში დაიწყება მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლები დიალოგის გაჭიანურებას მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიციის არარსებობას უკავშირებენ.

”დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანის შეფასებით, ”ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული დოკუმენტით ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მისი გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. სიტუაციის გამოსწორების ერთადერთ გზად კი დიალოგის რეჟიმს ასახელებს. როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ამ პროცესებში არა მხოლოდ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

“პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე შეჯერდა – საარჩევნო სისტემა უნდა იყოს პროპორციული,” – ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” წევტმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.