სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნას ეხმაურება.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნული “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქართული მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.
„პალიტრა ტვ“-ის გადაცემა “პროვოკატორში” ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსების უკრაინაში დანიშვნის პროცესები სააკაშვილისა და მისი პირადი კონტაქტების წყალობით დიდი ხნის წინ დაიწყო.
“ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანიშვნის პროცესი უკრაინაში დიდი ხნის დაწყებულია, კავშირები “ყველანაირ” უკრაინასთან დიდი ხნის არსებულია – იქ ისეთი კვანძები იყო, უკრაიანის ელჩი, მიხეილ სააკაშვილი, სააკაშვილის ბიძა და ა.შ. მე ამ კვანძებს ვერ ვხსნიდი. „ნაციონალებმა“ სწორედ ეს კვანძები გააცოცხლეს თავიანთ სასარგებლოდ, თავშესაფარი შეიქმნეს, როცა საკუთარი ქვეყნის სასამართლოს წინაშე არიან წარსადგომები. ისინი საქართველოს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენენ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ უკრაინა და პირადი ურთიერთობები საკუთარი უსაფრთხოებისთვის გამოიყენეს და ამ დროს, უცხოელებისთვის ეს საქციელი ლოგიკურს ჰგავს, რადგან ეს პირები ჯერ საქართველოდან ებრძნოდნენ რუსებს, ქართველები უკრაინაში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ და ახლა ჩანს, რომ თითქოს საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად ჩავიდნენ” , – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში დანიშვნა ამერიკული სტრატეგიის ნაწილია.
მე სრულებით არ ვეთანხმები იმას, რომ “ნაციონალების” უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა ამერიკული სტრატეგია შეიძლება იყოს. ეს წამოწყებულია და ძალიან ჰგავს სააკაშვილისა და თავისი ვიწრო წრის ნაფიქრალს. ასე მგონია, რადგან დაახლოებით ვიცი, როგორ ფიქრობენ და აწყობენ გეგმებს. ეს მათი სცენარის ვარიანტებია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments