საქონლის ხორცის დეფიციტის გამო სასაკლაოების ნაწილი იხუროება

საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტის გამო ცხოველთა სასაკლაოების ნაწილი იხურება. სასაკლაოების ხელმძღვანელების ნაწილი „კომერსანტთან საუბარისას აცხადებს, რომ ბიზნესის ეს მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო წამგებიანი ხდება. მიზეზად რამდენიმე ფაქტორი სახელდება, მათ შორის, ბოლო პერიოდში საქონლის ხორცის დეფიციტი.

კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, ქართულ  ხორცზე აზერბაიჯანელების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც პროდუქტის ფასმა წლის დასაწყისიდან დღემდე ჯამში 2-3  ლარით მოიმატა.

რეგიონში მდებარე სასაკლაოების ხელმძღვანელები იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ სოფლებში ხალხს საქონელი აღარ დარჩა, რადგან აზერბაიჯანში პირუტყვი მასობრივად გაჰყავთ.

საგარეჯოს რაიონში მდებარე  შპს მატადორის“  ხელმძღვანელი იოსებ  კოხტაშვილი განმარტავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასაკლაოს ბრუნვა დაახლოებით 30-40 პროცენტითაა შემცირებული. მისი მტკიცებით, გასულ წელს კომპანიაში თუ თვეში 100 სული მსხვილფეხა საქონელი იკვლებოდა, ახლა ეს რიცხვი 30-მდე არის შემცირებული.

კოხტაშვილის ინფორმაციით, მეორე პრობლემა საქონლის სასაკლაოების გვერდის ავლით დაკვლაა. „ახლა ტენდენციაა ისეთი, რომ ფერმერები საქონელს  სავარაუდოდ, სასაკლაოს გევრდის ავლით კლავენ. გარდა ამისა, პრობლემაა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფიც“-აცხადებს კოხტაშვილი.

მისი განმარტებით, თუ ასე გაგრძელდა არსებული სასაკლაოებიც დაიხურება. კოხტაშვილის განცხადებით, არსებულ პირობებში არსებობა და ბიზნესის განვითარება შეუძლებელია.

თელავში მდებარე სასაკლაო, შპს „ქართული ხორცის პროდუქტების“ ხელმძღვანელი, სანდრო მეგუთნიშვილი განმარტავს, რომ ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია, ამის მიზეზი კი ცოცხალი საქონლის ექსპორტზე გაყვანაა. მისი ინფორმაციით, ფერმერებს საქონელი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში გაჰყავთ. მომატებულია საქონლის ფასიც.

„ყასბები რომ დადიან,ჩადიან დედოფლისწყარომდე, უვლიან სოფლებს, თუმცა, იმ რაოდენობის საქონელს ვეღარ შოულობენ, რაც მაგალითად, წინა წელს.  ბოლო პერიოდში ცოცხალი საქონელის მოძიება ცოტა გაჭირდა“-აცხადებს მეგუთნიშვილი.

მისი განცხადებით, თვეში მის სასაკლაოში დაახლოებით 1200 სული საქონელი იკვლება. როგორც მეგუთნიშვილი აცხადებს, სასაკლაოდან ხორცით  „კარფური“, „აგროჰაბი“  მარაგდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა არ გაზრდილა. უფრო მეტიც, თუ 2016 წელს ქვეყანაში 86 ერთეული სასაკლაო ფუნქციონირებდა, 2015 წელს ეს ციფრი 87-ს შეადგენდა. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17,4% მდებარეობს ქვემო ქართლში, 16,3% – იმერეთში, 16,3% – კახეთში, 15,1% – შიდა ქართლში, 10,5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7,0% თბილისში, 7,0% მცხეთა- მთიანეთში, ხოლო დანარჩენი 10,5% – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 2016 წელს მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 34457 ერთეული პირუტყვისა და ფრინველის დაკვლა იყო შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა). 2016 წლის განმავლობაში, სასაკლაოებში დაკლულია 311,3 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 59,7% მსხვილფეხა, ხოლო 40,3% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 9620,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ, 2016 წლის განმავლობაში 36487,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 44,9% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37,1% – ფრინველის, 16,9% – ღორის, 1,1% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვაზე პროცენტული მაჩვენებელი უმნიშვნელოა და შეადგინა სულ რაღაც 0,02%.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments