ახალი სარკინიგზო ხაზით შესაძლებელი იქნება ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა

Фото ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა, ახალი სარკინიგზო ხაზის საშუალებით ყარსში მატარებლით ჩასვლა უკვე შესაძლებელია“ – განაცხადა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ , რომელმაც თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ახალი სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.
პროექტში მონაწილე სამი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში მშენებარე ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს, მათ შორის თეთრიწყაროს და ახალქალაქის რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურები. გიორგი გახარიას შეფასებით, ამ დროისთვის უკვე შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 70 პროცენტი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მათ შორის ბოლო მონაკვეთზე დასასრულებელია ელექტროფიცირება, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები და ა.შ.

„თუმცა, რკინიგზის საშუალებით დღეს თბილისიდან ყარსში ჩახვალ, რაც უკვე მისასალმებელია. ეს არის ტესტირების ეტაპი. კიდევ რა არის გასაკეთებელი სარკინიგზო ხაზის დროულად დასრულებისთვის, ამის დასადგენად დაახლოებით, 10 დღე დაგვჭირდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია-მშენებლობა. პროექტი შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან – საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის საზღვარი) – 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.
როგორც ჩატარებულმა ინსპექტირებამ აჩვენა, ახალ სარკინიგზო ხაზზე აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ დაახლოებით ორ თვეში პირველი სატვირთო მატარებელი გაივლის. ახალი სარკინიგზო ხაზით შესაძლებელი იქნება ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, უკვე არსებობს დაინტერესება და რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება.

image_pdfimage_print

Comments

comments