ტექდათვალიერებისას მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ცალკე სტანდარტებით შეამოწმებენ

ახალი სტანდარტების თანახმად,  მარჯვენასაჭიან ავტომობილებისთვის  ტექდათვალიერებისას   სავალდებულო ხდება ასევე სპეციალური სტიკერების გამოყენება, რომელიც მაშუქებს ეხება. სიახლეების შესახებ  პირველ არხთან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ ისაუბრა.

„კერძოდ, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შუქი მარცხნივაა მიმართული, შემხვედრ მანქანას რომ ხილვადობის პრობლემა არ შეექმნას, სტიკერი შუქს წინაღობას შეუქმნის“,- აცხადებს ხმალაძე.

ყველაზე პრობლემატურ თემად მიხეილ ხმალაძე გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ცალკე შემოწმების სტანდარტები იმოქმედებს. მათ შესახებ  თვის ბოლოს გახდება ცნობილი, ზოგადად კი,  რადგან სახელმწიფო ვერ გააჩერებს ასეთ მანქანებს, სხვა პარამეტრებზე სტანდარტული შემოწმება ჩატარდება. ხოლო  საჭის მექანიზმზე კი ცალკე სტანდარტი იმოქმედებს – თუ აღმოჩნდება, რომ საჭე უხარისხოდაა გადატანილი და მომატებულ საფრთხეს შეიცავს, ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის და  გამოსწორებისთვის დრო მიეცემა. თუ სერიოზული საფრთხე აღმოჩენილი არ იქნება, სხვა პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას წარმატებით გაივლის.

ჯარიმების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია იქნება. ტესტირების ცენტრებს დაევალებათ,  ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდონ   საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. მიხეილ ხმალაძეს თქმით, ტექდათვალიერებისას ავტომობილის ასაკი კი არ იქნება განმსაზღვრელი,  არამედ მისი მდგომარეობა. ხარვეზების გამოსასწირებლად ავტომფლობელს საშუალოდ 1 თვიანი ვადა მიეცემა, თუმცა თუ ხარვეზი სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხო მოძრაობას, ეს ვადა შემცირდება. სავალდებულო ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

image_pdfimage_print

Comments

comments