„ქსოვილი საქართველოდან“ – უნიკალური ენციკლოპედიური ალბომის პრეზენტაცია

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორენოვანი ენციკლოპედიური ალბომის – „ქსოვილი საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა. ოთხასგვერდიანი ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ VII- XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.

პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა,სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები. ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზემეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.

წიგნში შესულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, ეროვნულ მუზეუმში და კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშები. სამეცნიერო ნაშრომზე შემოქმედებითი ჯგუფი გიორგი კალანდიასა და ირინე საგანელიძის ხელმძღვანელობით 6 თვის მანძილზე მუშაობდა. დიზაინი და გრაფიკული კონცეფცია ირაკლი ზამბახიძეს, ხოლო სამეცნიერო რედაქტურა გულიკო კვანტიძეს ეკუთვნის. პროექტის მხარდამჭერი ნაციონალური სამოსის სახლია, კატალოგის გამოცემა და მეცნიერული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა.

image_pdfimage_print

Comments

comments