მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რეგისტრაცია გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  არის შესაძლებელი.

პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი. კოოპერატივებს გადაეცემა ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბი, არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ  ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

პროგრამა მოიცავს 29 მუნიციპალიტეტის წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

დაგეგმილია  დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments