საია: საახალწლო დეკორაციებისთვის 3 მილიონი ლარი არარაციონალურად იხარჯება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციაში  აცხადებენ, რომ  თბილისში 3 მილიონი ლარის ღირებულების 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, საახალწლო ღონისძიებებისა და თბილისის საახალწლო მორთვისთვის შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“, სავარაუდოდ, არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება”. საიას ინფორმაციით, 2017 წლის 16 ივნისს საახალწლო საკითხების მოსაგვარებლად მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც, ჯამში, 3 სხდომა გამართა.

“კომისიას 3 თვეზე მეტი დასჭირდა საიმისოდ, რომ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი შეეთანხმებინა და „თბილსერვის ჯგუფისათთვის“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება ეთხოვა. კომისიის მიერ გამართული სხდომების ოქმებში არსად არ არის ნახსენები სახელმწიფო შესყიდვის ფორმად გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გამოყენების საჭიროება”, – აცხადებენ საიაში.

საიას ცნობით, 22 სექტემბერს თბილსერვის ჯგუფმა წერილობითი თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომელშიც სამი მილიონის ფარგლებში საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ნებართვას ითხოვდა.