მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ რამდენიმე დღეში გაიხსნება


თბილისის მეტროპოლიტენის 23–ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადგური სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ეს პროცესიც უკვე დასრულდა. მეტროპოლიტენის ტესტირებისთვის ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ამჟამად ახალი მეტროსადგურის თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის გადაცემის პროცედურები მიმდინარეობს და ახალი მეტროსადგური მგზავრებს ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.