პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა


margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია. აღნიშნულის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი. შეწყალებულია 226 მსჯავრდებული, მათგან 141 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელები. 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა შეწყალების კომისია და სულ განიხილა 1406 პირის საქმე. შეწყალების აქტის საფუძველზე 226 მსჯავრდებულია შეწყალებული, მათგან 141 დღესვე დატოვებს დაწესებულებას. შეწყალების აქტი შეეხო 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს. 13 ქალბატონიდან 12 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ერთს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულთა შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, მას პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების თარიღი“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.