ფაროსანა ციტრუსოვან კულტურებშიც დაფიქსირდა – სეს–ის რეკომენდაციები

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ მოსახლეობას, რომელსაც ციტრუსის ბაღები აქვთ, ურჩევს ბაღების მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელონ და ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევაში, პესტიციდები გამოიყენონ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიას თქმით, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან „ლოდინის პერიოდი“, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რათა არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.

აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპარატებით დროულად განახორციელონ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა. სააგენტოს ინფორმაციით, ქიმიური წამლობისას მნიშვნელოვანია პრეპარატების გამოყენების წესების და ვადების დაცვა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიფენტრინით შეწამვლა ტარდება სხვადასხვა შემასხურებელი მოწყობილობით, მათ შორის, ზურგსაკიდი აგრეგატებით. პრეპარატის კონცეტრაცია 10 ლიტრ წყალზე 30 მილიგრამს უნდა შეადგენდეს. პრეპარატის დაცვითი მოქმედების ეფექტია 10-14 დღე. მნიშვნელოვანია, მოსავლის აღებამდე ე.წ. „ლოდინის პერიოდის“ დაცვა. 21 დღე – ციტრუსოვან კულტურებზე, 30 – დღე სხვა მრავალწლიან კულტურებზე, 20 – დღე მარცვლეულზე, 15 დღე -ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. ბიფენტრინის გამოყენება შესაძლებელია სხვა კლასის პესტიციდებთან ერთად კომბინირებულ ნაზავში, გარდა ძლიერი ტუტე და მჟავა რეაქციის მქონე პრეპარატებისა.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments