საქართველოში ექსპორტის ზრდა აღინიშნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის  გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში  უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: ფეროშენადნობის (97%), სპილენძის მადნების (28%), სამკურნალო საშუალებების (35%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (56%), სპირტიანი სასმელებისა (29%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე”, – განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება ამ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments